მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი შეზღუდვები, რომლებსაც დღეიდან მთავრობა აწესებს

5e98be6384464
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 00:00
3081
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ „დილივერი სერვისი“. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კომენდანტის საათში გადაადგილების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

ხვალიდან სავალდებულო ხდება ასევე პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

გარდა ამისა, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია თუ როგორ იქნება შეზღუდული სასაფლაოებზე შესვლა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ასევე მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლაც აკრძალა.