მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი შვებულება, 50%-იანი ფასდაკლება - რას სთავაზობს "ევექსი ჰოსპიტლები" აცრილ თანამშრომლებს?

60a54b15ed2e7
ინგა მურუსიძე
20.05.21 00:00
2611
„ევექსი ჰოსპიტლები“ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს აცრის შემთხვევაში ბენეფიტებს შესთავაზებს, - განცხადება "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

„იმ დღიდან, რაც ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდა მოქალაქეებისთვის, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის დამატებითი მოტივაცია შეგვექმნა. ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები, ვინც აიცრება, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური კუთხით 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ანუ ნახევარ ფასად მიიღებენ ყველა სერვისს. ასევე მიიღებენ 500-ლარიან ვაუჩერს სტაციონარული მომსახურეობისთვის საჭიროების შემთხვევაში, რაც ასევე ჯიბიდან გადახდებს შეუმცირებს მათ. პირველ ჰოსპიტალს, რომელიც გახდება 80%-იანი მოცვის მქონე, ყველა თანამშრომლისთვის 5 დამატებითი ფასიანი შვებულების დღე ექნება. ასევე ჩვენ ყოველთვიურად ჩავუშვებთ დამატებით ბენეფიტებს, რაც გავრცელდება როგორც ძველ აცრილ თანამშრომლებზე, ისე ახლებზე. ვმუშაობთ პაკეტზე, რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა მან.

ეკატერინე ქავთარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის "ევექსს" საქართველოს მასშტაბით ოთხი სრული კოვიდ-ჰოსპიტალი აქვს, მათგან სამი თბილისშია და ერთი ქუთაისში, ხოლო ბათუმში „ევექსს“ აქვს ჰიბრიდული კლინიკა, რომელიც ბავშვებსაც ემსახურება.

როგორც „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმომადგენელი ამბობს, მიმართვიანობა ვაქცინაციაზე საკმაოდ გაიზარდა, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, თუმცა ამ ეტაპზე ექიმები პროცესს უმკლავდებიან.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ვცდილობთ, ამ პროცესში სრულად ჩავერთოთ, რადგან სახელმწიფოს უდგას გამტარუნარიანობის პრობლემა, კაბინეტების დამატების საჭიროება აქვს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც შეგვიძლია უსაფრთხო ვაქცინაციის მიწოდება, ვამატებთ და ვამატებთ კაბინეტებს. ჩვენთან აცრილ არც ერთ მოქალაქეს სერიოზული გართულება არ ჰქონია“, - აღნიშნა ეკატერინე ქავთარაძემ.