მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამსაქმებელი ეცდება, დასაქმებულებს ხელფასი შეუმციროს“ - რას ცვლის ახალი მოდელი?

5f4e4e2692e7b
ელენე გოგბერაშვილი
01.09.20 19:35
2444
საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება შეიძლება დაევალოთ. კონკრეტულად კი, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 125%-იანი დანამატით ანაზღაურებას ითვალისწინებს. ანუ თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 25%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, იმ სექტორებში, სადაც აქამდე ნორმირებული სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრებოდა, ამ ოდენობის 40 საათამდე შემცირებისა და ზეგანაკვეთურ 8 საათზე საათობრივი ანაზღაურების 25%-ის დამატების გამო, კომპანიებს, შესაძლოა, მოუწიოთ შტატების ხელოვნურად დაყოფა; შედეგად კი მივიღოთ არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირება და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდა.

კოდექსის ცვლილებების პროექტში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს კიდევ ერთ ბიზნეს გაერთიანებას. კანონპროექტის განხილვისას პარლამენტისთვის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაგზავნილი შენიშვნები შეეხებოდა მათ შორის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღუარების საკითხს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის შეთანხმების საგანი უნდა იყოს.

"მიმაჩნია, რომ დამატებითი რეგულაციები ყოველთვის აზარალებს არამხოლოდ დამსაქმებელს, არამედ დასაქმებულებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის ცდილობს შემდგომში უკვე დამსაქმებელიც, რომ რაღაც გამოსავლები მოიძიოს და აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაწევა. არა იმიტომ, რომ რაიმე არაკეთილშობილურს ფიქრობს, არამედ იმიტომ, რომ არსებული რესურსით ცდილობს მაქსიმალური შედეგი მიიღოს, შესაბამისად, ამ პროცესში შესაძლებელია მოხდეს ის, რომ დაზარალდეს დამატებითი რეგულაციებით, არამხოლოდ დამსაქმებელი, არამედ - დასაქმებულიც.

ყოველთვის ეცდება დამსაქმებელი, რომ შეამციროს თავისი ხარჯები, ვთქვათ, პიკურ პერიოდში დაიქირაოს დამატებითი თანამშრომელი, რომელსაც ფიქსირებულ ანაზღაურებას გადაუხდის და არ იქნება ეს  ანაზღაურების 125% ან არსებულ დასაქმებულებს შეუმციროს ხელფასი, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ფიქსირებული პროცენტი სასარგებლო იქნება ვინმესთვის - არც დამსაქმებლისთვის და არც დასაქმებულისთვის. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში კიდევ დამატებითი რეგულაციების შემოღება ბიზნესისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, საერთოდ არ მიმაჩნია სწორად.

უნდა ვეცადოთ რაღაც ბალანსი ვიპოვოთ ამ სიტუაციაში. შეიძლება იყოს ეს ვთქვათ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს ჰქონდეთ თავისუფალი ნება ერთმანეთთან შეათანხმოს ორივე მხარისთვის მისაღები პირობები და ეს იყოს შეთანხმების საგანი“, - აცხადებს BM.GE-ისთან მაგდა ბოლოთაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მოადგილე.