მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომით ურთიერთობებში კოლექტიური ხელშეკრულებების შემოღებას ითხოვს

5e3ae12fef54e
დავით ჯალაღონია
05.02.20 21:00
1207
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის მოქმედ კანონმდებლობაში, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის კოლექტიური ხელშეკრულებების შემოღებას ითხოვს.

როგორც BM.GE-ს ასოციაციის იურისტმა შალვა ცხაკაიამ განუცხადა, კოლექტიური ხელშეკრულებები გარკვეული საკითხების ორმხრივ ფორმატში მოწესრიგების საშუალებას იძლევა.

"ეს არის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება გაფორმდეს თანამშრომლების ჯგუფს, ან არსებულ პროფესიულ კავშირსა და დასაქმებულს შორის, რომელიც გარკვეულ დამატებით პირობებს შეეხება და რომლის საშუალებითაც შეიძლება, უკეთესად იყოს მოწესრიგებული მაგალითად, დასაქმებულისთვის გარკვეული ტიპის ანაზღაურებები და ბენეფიტები, თუმცა, მეორეს მხრივ, უფრო შეზღუდული იყოს მათი უფლებები - მაგალითად, გაფიცვასთან დაკავშირებული, ზეგანაკვეთურ შრომაზე უარის თქმის უფლებები და ა.შ.

კოლექტიური ხელშეკრულება - ეს არის ორმხრივი, შედარებით თანაბარი ურთიერთობა, რადგან მეორე მხარეს მთელი კოლექტივი დგას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შეზღუდვები, რომელზეც თავისით მიდიან მხარეები, უნდა იყოს კანონისათვის მისაღები, რის საშუალებასაც შრომის მოქმედი კოდექსი არ იძლევა", - განმარტავს შალვა ცხაკაია.

ცნობისთვის: მთავრობის მიერ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განსახილველი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მომდევნო თვეებში "შრომის კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირებაა მოსალოდნელი.

მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ საკითხსაც ეხება:

"განისაზღვრება დირექტივის შესაბამისად, დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობა, რეგულირდება ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დადგინდება კრიტერიუმები მასობრივი დათხოვნის განსაზღვრისთვის, ასევე დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დათხოვნა ან მისი რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე შესაძლებლობა, შერბილდეს მისი შედეგები თანმდევი სოციალური ღონისძიებებით;

განისაზღვრება შესაბამისი სანქციები შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე".