მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსვენებლები პერსონალური შეზლონგებით ისარგებლებენ - Le Méridien-ი გახსნისთვის ემზადება

5ed66a0d03b27
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 21:20
1025
„ლე მერიდიან ბათუმის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, Marriot-ის ბრენდის სასტუმროში გახსნისთვის მზადება ადგილობრივი და Marriot-ის რეგულაციებით მიმდინარეობს.

„Marriot-ის და საქართველოს რეგულაციებს შორის დიდი განსხვავება არ არის“ - უთხრა BM.GE-ს კატია აბსანძემ.

მისი თქმით, Marriot-ს განსაკუთრებული აქცენტი ნომრების დასუფთავებაზე აქვს გაკეთებული, სხვა შემთხვევაში კი ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეგულაციებთან თანხვედრაშია.

„Marriot-ის და საქართველოს რეგულაციებს შორის დიდი განსხვავება არ არის. Marriot-ი დიდ აქცენტს აკეთებს ნომრების დასუფთავებაზე: დაბეჭდილი მასალები მომხმარებელს ნომერში აღარ დახვდება, ოთახების დალაგების სისტემაში შემოტანილია სპეციალური ელექტრო დანადგარი, რომლითაც დასუფთავების სამსახური ისარგებლებს, აუცილებლად ყველა ოთახში იქნება სადეზინფექციო ხელსახოცი.
ნომრებიდან დამსვენებლის გამოსვლის შემდეგ მინიმუმ 4 საათი მიმდინარეობს ცირკულაცია ჰაერის. ამის შემდგომ ლაგდება და 8-საათიან კარანტინს გადის ნომერი მომდევნო სტუმრის შესვლამდე“, - განმარტავს კატია აბსანძე.

სასტუმროში დამსვენებელთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული კვების უზრუნველყოფა.

„იმ შემთხვევაში თუ სასტუმროში 30-ზე მეტი დამსვენებელი იქნება, მათ კვებით უზრუნველყოფას პერსონალი სპეცაღჭურვილობით თვითონ განახორციელებს. თუ 30-მდე სტუმარი გვეყოლება, მაშინ გაშლილი იქნება მაგიდები რეკომენდირებული დისტანციით და ყველა იმ წესის დაცვით, რაც გასაჯაროებულია“, - ამბობს სასტუმროს მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

განსხვავებული იქნება აუზითა და იქ არსებული შეზლონგების გამოყენების წესიც.

„აუზების მიმართულებით წყალი იქნება სპეციალური ქლორის შემცველი, იმისთვის რომ მოხდეს წყლის დეზინფიცირება. შეზლონგები გადაეცემათ სპეციალურად მომხმარებელს და მათ ექნებათ საშუალება რომ მხოლოდ მათ ისარგებლონ კონკრეტული შეზლონგით, რომელიც იქნება დანომრილი. აუზის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური პერსონალი, რომელიც გააკონტროლებს შეზლონგის ნომრების მიკუთვნებას დამსვენებელზე, მანამ სანამ ის მოიხმარს შეზლონგს. მაქსიმალურად დაცული იქნება სისუფთავე“, - უთხრა BM.GE-ს კატია აბსანძემ.