11.ივლისი .2020 00:00

დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ "შენგენ+" ზონაში – ევროკომისია

views 862
უკან

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ შენგენ+ ზონაში და საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მესამე ანგარიშში.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ.

ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდა შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

"კიბერდამნაშავეები საქართველოდან ჩართულები იყვნენ საერთაშორისო GozNym კრიმინალურ ქსელში, რომელიც 2019 წლის მაისში ევროპის პოლიციის სამსახურის (Europol) მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად იყო ლიკვიდირებული.

"საქართველომ გაამყარა საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის (2017-2020) ახლახანს მიღებული სამოქმედო გეგმის (2019-2020) ფარგლებში, საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა. იგი ასევე აგრძელებს დანაშაულის ანალიზის თანამედროვე მექანიზმების გაძლიერებას ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის თანდათანობითი დანერგვის გზით", – წერია ევროკომისიის დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს.