09.დეკემბერი .2019 15:39

“დანდობა არ იქნება” - ფინანსთა მინისტრი ყალბი დღგ-ების საქმეზე

views 874
უკან

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტული გვარები და სახელები იმ პირებისა, ვისი გამოკითხვაც ყალბი დღგ-ების საქმეზე მიმდინარეობს. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა ეს საქმე კავშირში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და იგეგმება თუ არა მისი გამოკითხვა ამ საქმეზე.

“თქვენ იცით, რომ უმეტესობა ამ ადამიანებისა არის ყოფილი სახელმწიფო მოხელე, ან საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ თუ არა, ამას გამოძიება გაარკვევს...

ასევე არიან ყოფილი თაღლითები, რომლებიც წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ სხვადასხვა თაღლითობაში.
ერთი რამე მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არცერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგიც უნდა ჰქონდეს, ხელის დაფარება არ მოხდება. ამ გამოძიებაში ჩართულია ყველა საგამოძიებო უწყება, ეს თემა აყვანილია უმაღლეს პოლიტკურ დონეზე. ასე, რომ ვინც კი გამოვლინდება, არანაირი დანდობა არ იქნება.

გამოძიების დეტალებს ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე”,- თქა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბებისთვის რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურის გამოძიებამ დაადგინა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა