მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება - ეკონომიკის სამინისტრო

6245dbfdbf35a
BM.GE
31.03.22 21:22
1443
საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის“.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებით, დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება.

მათივე ცნობით, შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა საქართველოსა და დანიის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი კი განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე გაკეთდა, კერძოდ, აღინიშნა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის ამ მიმართულებების განვითარებას, მათ შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე საქართველოს ბაზრით დანიური პროფილური ბიზნესის დაინტერესებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ დანიის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების, მათ შორის, მდგრადი ენერგიების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, დანიას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში განახლებადი, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიების განვითარება საქართველოს ძალიან დიდი პრიორიტეტია.

„ჰიდროელექტროგენერაციის გარდა, რომელზეც დიდი აქცენტები საქართველოში ყოველთვის კეთდებოდა, დღეს ჩვენ განვიხილავთ ქარისა და მზის ენერგიის განვითარებასაც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დანიას ქარის ენერგიის ზღვაში წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

„ვფიქრობთ, მოხდება როგორც გამოცდილების გაზიარება და ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ზრდა, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ინვესტიციები, რაზეც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ დანიელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ენერგოგენერაციით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს მხრიდან ხელი შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.