მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიური კომპანია Danfoss –ი საქართველოში საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა

5f12e7127a3ee
BM.GE
18.07.20 16:10
2160

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss”-სის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს იურგენ მედს კლაუსენთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან. ონლაინ-შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგია და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

უწყებისვე ცნობით, აღინიშნა, რომ დანიური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის დაწყებით, მათ შორის, საწარმოს გახსნით. დანიური მხარის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ლიბერალური ბიზნეს გარემო, ასევე ის უპირატესობები, რომლებსაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს, დსთ-სა და რეგიონის ქვეყნებთან, აგრეთვე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.

 

 

"მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, „Danfoss“ - ის საწარმოში დასაქმდნენ,“ -აცხადებს ნათია თურნავა. 

მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“ - ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს. საინჟინრო კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“ - ის საწარმოებში გაიარონ.