მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაპაუზებული ინვესტიციები, შეჩერებული გეგმები - კორონას გავლენა "სისაური გრაინდერსზე"

5eca9f87122ef
ანი ციხისთავი
24.05.20 20:18
2190
“ჩვენთვის განსაკუთრებით რთული იყო პანდემიასთან გამკლავება. წელს კომპანიის მასშტაბური გაფართოება გვქონდა გადაწყვეტილი”- უყვება BM.GE-ს “სისაური გრაინდერსის” დამფუძნებელი თემურ სისაური.

კომპანიას წელს 5 ახალი მაღაზიის დამატება ჰქონდა გეგმაში.

“შედარებით ახალი კომპანია ვართ ისედაც, პანდემიის გარეშეც, ეს წელიც რთული იქნებოდა ჩვენთვის. ძალიან დიდი შემოსავალი უნდა მიგვეღო ამ გაფართოების შემდეგ, რათა ის ხარჯები დაგვეფარა, რომლებიც ამ გეგმების განსახორციელებლად გავიღეთ”- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისი თქმით, 1 მაღაზიის გახსნას ზომისა და სხვა პირობების გათვალისწინებით 120-დან 250 ათას ლარამდე სჭირდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ყვება, სწორედ ამ დროს გამოჩნდა პანდემია და კომპანიას უკვე არსებული მაღაზიების ნაწილის დახურვაც მოუწია.

“ჯამში 8 მაღაზია გვქონდა, მეცხრეც უნდა გაგვეხსნა აპრილში. იყო მომენტი, როდესაც ყველა მაღაზიის დახურვა მოგვიწია. შემდეგ მხოლოდ 2 მაღაზიას ვამუშავებდით. დღეს უკვე 5 მათგანი ემსახურება მომხმარებელს”,- აღნიშნავს ის.

სისაური ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, “სისაური გრაინდერსმა” თანამშრომლები მაქსიმალურად შეინარჩუნა. თვითონ არავინ გაუშვიათ, თუმცა პანდემიის შოკის გამო არაერთმა დასაქმებულმა ნებით დატოვა სამსახური. “იმაზე საუბრებიც დაგვჭირდა თანამშრომლებთან, რომ არ უნდა შეშინებოდათ და შეენარჩუნებიათ სამუშაო”- იხსენებს თემურ სისაური.

პრობლემის მიუხედავად, კომპანიას პროდუქციის ფასი არ გაუზრდია.

“სისაური გრაინდერსმა” მიტანის სერვისიც დაამატა. თუმცა, როგორც თემურ სისაური ყვება, მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებულიდ.

“გაფართოების გეგმების განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ახლა მთავარია ახალი გარემოებებით ბაზარს მოვერგოთ და შევინარჩუნოთ არსებული”- ამბობს “სისაური გრაინდერსის” დამფუძნებელი.

კომპანიას იმპორტთან დაკავშირებითაც შეექმნა პრობლემები. გაჭიანურდა პროდუქციის შემოტანის პროცედურები, მომწოდებლებმა ყავის უფრო მცირე რაოდენობა და სახეობები შესთავაზეს “სისაური გრაინდერსს”.
“ამასობაში, ფასებმა ისედაც მოიმატა, ამას კი ლარის გაუფასურებაც დაემატა. ამანაც დიდი დარტყმა მოგვაყენა, რადგან ჩვენ იჯარასაც დოლარში ვიხდით და ნედლეულის შეძენასთან დაკავშირებული ვალდებულებებიც დოლარშია დაფიქსირებული”- ამბობს სისაური.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თურქეთსა და აშშ-სთან, რომ “სისაური გრაინდერსის” მაღაზიები მათ ქვეყნებში გახსნილიყო. როგორც თემურ სისაური აღნიშნავს, ეს მოლაპარაკებები “ჩიხში შევიდა”.

“აპრილიდან საქართველოში კაფეების ქსელის გახსნაზე ვიწყებდით მუშაობას უცხოელ პარტნიორთან ერთად. დიდი მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩავატარეთ. ჯამში მხოლოდ უცხოური ინვესტიცია რამდენიმე მილიონი დოლარი იყო. როგორც სიტუაციიდან გამომდინარე ჩანს, ეს გეგმები ან ძალიან დიდი ხნით გაჩერდა ან საერთოდ გაუქმდა”,- ამბობს BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელი.