მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაპირებები დაპირებებად არ უნდა რჩებოდეს" - რას პასუხობენ გახარიას მეცხოველეობის დარგიდან

5df0becb6a1e2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.19 14:10
1466
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა სამინისტროებში სამუშაო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. 9 დეკემბერს გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც სხვადასხვა თემებთან ერთად მეცხოველების ხელშეწყობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა სამინისტროს დაავალა, უმოკლეს დროში წარმოადგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

bm.ge-იმ გადაწყვიტა, მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებისთვის ეკითხა, რა გამოწვევები აქვთ ამ სფეროში და რაში ხედავენ გამოსავალს.

"დაპირებები დაპირებებად არ უნდა რჩებოდეს და რეაგირებაა საჭირო ჩვენს სფეროში - მესაქონლეობაში",  - ასე შეაფასა კომპანია „ელიის კალათის“ დამფუძნებელმა ზურა მასურაშვილმა  გიორგი გახარიას განცხადება მეცხოველეობის განვითარების აუცილებლობის შესახებ.

როგორც ზურა მასურაშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, სექტორის მთავარ პრობლემას იმპორტირებული ნედლეული წარმოადგენს.

„პრიორიტეტულად რომ რჩება სოფლის მეურნეობის განვითარება, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ დაპირებები დაპირებებად არ უნდა რჩებოდეს და რეაგირებაა საჭირო ჩვენს სფეროში - მესაქონლეობაში; თუნდაც იმპორტირებული, გაურკვეველი წარმომავლობის გაყინულ რძესთან დაკავშირებით, თუნდაც შემოტანილ იმპორტირებულ ფხვნილთან დაკავშირებით. შემოტანილი პროდუქცია აფერხებს  ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას. ფაქტობრივად, საქართველოში წარმოება, რაც არის 20%-ია ნედლეულის და მაგასაც ვეღარ ვასაღებთ და მყიდველი უარს ამბობს, იმიტომ რომ ურჩევნია მდარე ხარისხის პროდუქცია იყიდოს და იქიდან დაამზადოს რძემჟავა პროდუქტები და მათ შორის რძე“, - ამბობს მასურაშვილი.

მისივე თქმით, იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად, ადგილობრივი რძის გადამამუშავებელ კომპანიებთან მუშაობა და ლარის გაუფასურება არის ის შემაფერხებელი ფაქტორები, რომელიც აფერხებს მეცხოველეობის სექტორის განვითარებას.

„ჩვენი კომპანია ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. რა პრობლემებიც გვქონია ამ პერიოდის განმავლობაში ეს არის ის, რომ გიგანტი შემსყიდველები ვინც არიან - „სანტე“, „ ვიმ-ბილ-დანი“, „ ეკო-ფუდი“ პრიორიტეტს ანიჭებენ იმპორტირებულ პროდუქციას; აქამდე უკრაინიდან იმპორტირებული რძის ფხვნილი და ახლა დაემატა საერთოდ გაურკვეველი წარმოების გაყინული,  ირანული წარმოების შეკუმშული რძე, რასაც დიდ უპირატესობას ანიჭებენ გადამამუშავებლები, იმიტომ რომ დიდ მოგებას ნახულობენ, მაგრამ რა ზიანი მოაქვს მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს მოსახლეობისთვის, არავინ იცის ჩვენს ქვეყანაში. თან უნდა აღინიშნოს, რომ ირანს რძის დეფიციტი თავად აქვს, ჩვენგან გააქვს მარცვლეული კულტურები და არა მხოლოდ, რაც საქონელს სჭირდება და ჩვენ გვიგზავნის იქიდან გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტს", - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა და დასძინა, რომ მეცხოველეობის დარგისთვის გამოწვევაა ლარის კურსის გაუფასურებაც.

"მე ამ ხნის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე წამყვან კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რომლებთანაც მაქვს სხვადასხვა პრობლემა; თუნდაც აგერ ლარის კურსი -  ვხედავთ, რომ ეროვნული ვალუტა 17%-ით გაუფასურდა და რძის ფასი არ გაზრდილა; კომპანიები ფაქტობრივად, იგივე ფასად ყიდულობენ, რაც გვქონდა შარშან ამ დროს. ამდენად, ლარის ფაქტორი  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს საქმიანობაში. კომპანიები გვეუბნებიან, გინდათ ჩაგვაბარეთ რძე, გინდათ არ ჩაგვაბაროთ, აგერ არის გაყინული შემოტანილი რძე, იმაზე გადავალთ და იმაზე ვიმუშავებთ და მოგებას იმაში უფრო ვნახავთო, არც მალავენ ამას“, - ყვება bm.ge-ისთან კომპანია „ელიის კალათის“ დამფუძნებელი. 

BM.GE-ის კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს ადგილობრივი მეწარმე, ზურა მასურაშვილს ასეთი პასუხი აქვს:

"სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ხელშეწყობა იმისთვის, რომ სრულფასოვნად შევძლოთ ბაზარზე რეალიზება“.