მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი კომიტეტი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კლინიკების შემოწმებას მხარს არ უჭერს

5ef46e9a5d0d1
ინგა მურუსიძე
25.06.20 13:45
1104
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ტიკარაძის უწყების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამედიცინო საქმიანობას არეგულირებს, მხარი დაუჭირა, თუმცა ორი დათქმით, რაც პრინციპული საკითხების ცვლილებას ეხება.

კერძოდ, კაკულიას კომიტეტმა სთხოვა მთავრობას, რომ სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას სასამართლოს ფაქტორი კვლავ დარჩეს, თუმცა განხილული იყოს ორი ვერსია - მარეგულირებელმა მიიღოს სასამართლოს ნებართვა და შევიდეს კლინიკაში გაუფრთხილებლად, ან მარეგულირებელი შევიდეს კლინიკაში და 24 საათში მიიღოს ნებართვა.

მეორე დათქმა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოითხოვა არის შემდეგი: სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს, ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე კლინიკების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მთავრობა ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ითხოვდა, თუმცა საკითხზე პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი განხილვა გაიმართა, რის შედეგადაც, საკითხის განხილვა წამყვანმა, ჯანდაცვის კომიტეტმა გადადო, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით ნიშნავს, რომ საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება.

„რადგან ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს საკითხს არ განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად აღარ განიხილება, ეს კი ცვლილებების და განხილვის შესაძლებლობას იძლევა“, - თქვა კაკულიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, მიღწეულია ორი მიზანი, სექტორს და სამინისტროს შორის კომუნიკაცია დაიწყო და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა გადაიდო.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, უწყება ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.