მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივმა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა

5ef46bb9a109d
BM.GE
25.06.20 13:11
714

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გააგრძელა წინა სხდომაზე დაწყებული საკითხის განხილვა, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს უკავშირდებოდა. ესაა კანონპროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელთა დაჩქარებული წესით განხილვა იყო მოთხოვნილი.

გუშინდელ სხდომაზე, კანონპროექტის ზოგიერთი დებულების მიმართ, გამოიკვეთა შენიშვნები და განსხვავებული დამოკიდებულება, რის გამოც კომიტეტმა  საკანონმდებლო პაკეტზე   კენჭისყრა გადადო.

კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ კანონმდებლებს, ექიმებს, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს საკითხზე მომხსენებელმა, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია მთავარი ცვლილების არსის თაობაზე. მისი თქმით, ეს ეხება ცვლილებებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, რომელიც მარეგულირებელ სააგენტოს აძლევს უფლებამოსილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები ერთის ნაცვლად, რეგულარული, რუტინული მონიტორინგით წელიწადში სამჯერ შეამოწმოს, რაც მისივე თქმით, კიდევ ერთი გარანტიაა იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისობა ამ კონკრეტული მაღალი რისკის საქმიანობის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის სხვა კანონებში, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში, რაც საქმიანობის შეჩერებას უკავშირდება  და მინისტრის მოადგილის განცხადებით ეს საკითხი მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და ის თუ რა მოთხოვნებთან იქნება საქმე, ეს გაიწერება მკაფიოდ, არაორაზროვნად და გასაგებად იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო სუბიექტური გადაწყვეტილება შემმოწმებლის მიერ.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეხება, რაც საჯარიმო სანქციების ოდენობის გაზრდა შეეხება. ამ სანქციების დაკისრების წესი და ის მიმართულებები, რისთვისაც ეს საჯარიმო სანქციები შეიძლება დაეკისროს სამედიცინო დაწესებულებას, რჩება იგივე რაც იყო. მომხსენებლის განმარტებით, ოდენობის შეცვლის მოტივაცია ის არის, რომ ამას გარკვეულწილად ჰქონდეს პრევენციული ხასიათი და დაწესებულება იყოს დაინტერესებული არა იმითი, რომ გადაიხადოს ჯარიმა, არამედ იყოს მოტივირებული იმისთვის, რომ გააკეთოს ინვესტიცია ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება კი აფართოების მარეგულირებლის უფლებამოსილებას სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაიწყოს სამედიცინო დაწესებულების შეფასება. მომხსენებლის განცხადებით, ეს ცვლილება მარეგულირებელს მეტი ოპერატიულობის  საშუალებას მისცემს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას ხელს შეუშლის მიიღოს წინასწარი ინფორმაცია შემოწმების შესახებ და, თავისთავად, ის ვერც დოკუმენტაციის  ცვლილებას მოახდენს.

კანონპროექტების წინა განხილვაზე განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულება ორმა საკითხმა გამოიწვია - ეს ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობას და სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერებას.

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ნორმა, რომ შემოწმების თაობაზე  სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში აუცილებლად იყოს ჩადებული, ოღონდ შესამოწმებელი სუბიექტისათვის შეტყობინების გარეშე. ამგვარად, მისი თქმით, კონფიდენციალურობა იქნება დაცული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება, რათა მარეგულირებლის ობიექტზე შესვლას ინტერპრეტაციის საფუძველი გამოეცალოს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარი ოპერატიულობის შესაძლებლობაა და თუ ეს შესაძლებლობა მარეგულირებელს ექნება შემოთავაზებული მოდელის ფარგლებში, ამ ვარიანტის განხილვა შეიძლება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და კომიტეტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მოსაზრებები კანონპროექტების როგორც მხარდასაჭერად, ასევე მათ საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაშიც, ძირითადი შენიშვნები მაინც შემოწმების პროცესში სასამართლოს როლის და დაწესებულებების საქმიანობის შეჩერების საკითხებს  შეეხო.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ამ დღეების დისკუსიის შედეგად, ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოიხსნა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხიც და თუ პრინციპულ საკითხებზე შეჯერდებიან, დეტალებზე მეორე მოსმენისასაც შეიძლება მსჯელობა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის თუ როგორ წარიმართება პროცესი, დამოკიდებულია შეთანხმებაზე.


„ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა ყველა მხარეს მოვუსმინოთ, გადაწყვეტილება კი ჩვენ უნდა მივიღოთ. ეჭვის შეტანა ყველაფერში შეიძლება, მაგრამ მას თავი უნდა დავანებოთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.  რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ აბალანსებდეს ამ ურთიერთობას.  ის, რომ სასამართლო ამოვაგდოთ აქედან, მე არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორია შემოთავაზება, რომ ჩავდოთ შეტყობინების მექანიზმი, ანუ შეუტყობინებლობის. ამავე დროს პაციენტს არ უნდა მივცეთ საშუალება,  რომ მხოლოდ სურვილების და ემოციების ფონზე გათელოს კლინიკა, სადაც მომსახურება უნდა მიიღოს. მაგრამ არც სერვისის მიმწოდებელს უნდა მივცეთ უფლება რომ თავიდან ბოლომდე ბიზნესის წესებით ოპერირებდეს, მორალური, ზნეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე, მხოლოდ ციფრებზე იყოს გათვლილი მისი საქმიანობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე შესთავაზა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს შემოიტანონ შეუტყობინებლობის მექანიზმი, სასამართლო კი იყოს თავის ადგილას. რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ეს მექანიზმი უნდა არსებობდეს, მაგრამ იმ წესებით, რაზეც შეთანხმდებიან, იმის გათვალისწინებით, რომ ძალთა ბალანსი არაადეკვატურად და არაობიექტურად დარღვეული არ იყოს.

საბოლოოდ, კომიტეტმა საკითხი კენჭისყრაზე ორი დათქმით დააყენა. კერძოდ, კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტზე შესვლის დროს სასამართლოს ფაქტორი დარჩეს, მეორე დათქმა ასეთია, რომ დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტიდან უმნიშვნელოვანესი ფაქტორებით, რაც ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეიძლება აუარესებდეს.

შესაბამისად, ამ დათქმით, კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.​