მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - TI კანონში ცვლილებებს ითხოვს

6481ab9b9ea64
გიგა ბენია
08.06.23 16:03
635
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. წინადადების მიზანი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერებაა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცვლილების მიხედვით, დეკლარაციების მონიტორინგი გაუმჯობესდება და კორუფციული რისკები შემცირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შემუშავებულ პროექტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი. პროექტის მიხედვით, იმ თანამდებობების პირთა წრე გაიზრდება, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება მოუწევთ. დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ:

• პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების, პრეზიდენტის, სახელმწიფო რწმუნებულის, მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლებს;

• იმ საწარმოს დირექტორსა და მის მოადგილეს, რომლის 50%+ ფლობს სახელმწიფო; ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს;

• სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსს/მის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს/მის მოადგილეს;

• სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, უნდა გაიზარდოს დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის სია - თანამდებობის პირი ვალდებული იქნება ინფორმაცია შეიტანოს სრულწლოვანი შვილის ქონების შესახებ და კრიპტოვალუტის მესაკუთრეობის შესახებ.

„ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, რომლის თანამდებობა  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს შეიცავს, სადაც კორუფციის მაღალი რისკებია, ქონებრივ დეკლარაციებს საერთოდ არ ავსებს. მაგალითად, პოლიტიკური თანამდებობის პირების მრჩევლები, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, გამომძიებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს და საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ავსებს  დეკლარაციებს. მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, დეკლარაციების მონიტორინგის რეგულაციებიც უნდა გაიზარდოს. მონიტორინგის პროცესში გამომძიებელი ჟურნალისტებიც უნდა ჩაერთონ. TI-ის ინფორმაციით, თითქმის ყველა თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევით ავსებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 6 წელიწადში 2268 დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 1485-ში აღმოჩნდა, აქედან მხოლოდ 1264 დაჯარიმდა. ამ დროის განმავლობაში პროკურატურაში სულ 11 დეკლარაცია გაიგზავნა. შედეგად არცერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ დეკლარაციის სწორად შევსების პრობლემა ყველა უწყებაში, ფაქტობრივად, თანაბრად დგას, თუმცა კანონს ყველაზე ნაკლებად მოსამართლეები არღვევენ.

„მიუხედავად ამისა, მოსამართლეების მიმართ ყველაზე მეტი კითხვები არსებობს. მოსამართლეები, რომლებიც იურისტები არიან, შესაძლოა, უფრო მარტივად ცდილობენ გვერდითი გზების მოძებნას ქონების დასამალად. რეალურად, დაახლოებით ერთნაირი პრობლემაა ყველა სფეროში. ვერ გამოვყოფთ რომელიმე საჯარო დაწესებულებას, სადაც გამორჩეულად უკეთესი სიტუაციაა“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა.