მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულთა ნაწილი სახლიდან მუშაობას შეეგუა - სად ვიმუშავებთ მომავალში?

607d4357d68b9
თათია კაკიაშვილი
19.04.21 23:19
760
პანდემიის დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და მსოფლიოს ყველა ნაწილისთვის ერთი რამ ნათელი გახდა, რომ COVID-19-მა უდიდესი გავლენა მოახდინა ყველა სამუშაო სექტორზე. დღეს, როცა მსოფლიო მასშტაბით 114-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, საბედნიეროდ, მაინც მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორი იქნება მათი კარიერა წლების შემდეგ და სად იმუშავებენ მომავალში.

თუმცა, როგორც Weforum-იიუწყება, ციფრულ სამყაროში, მაშინ, როცა თითქმის ყველა საქმიანობის შესრულება ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება, ხალხი შიშობს, რომ მალე მათ ადგილებს ავტომატური მოწყობილობები შეცვლის. მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში პოზიციები, რომლებსაც დღეს ისინი იკავებენ, მოძველდება, ან საერთოდ აღარ იარსებებს.

პანდემიამ თითქმის ყველა დასაქმებულისთვის საჭირო გახადა ახალ სამუშაო ჩვევებზე გადასვლა, რაც ყველაზე მეტად ციფრული უნარების ათვისებაში გამოვლინდა. რა არის 2021 წლის მთავარი სამუშაო გამოწვევები, იმედები და შიშები - ამის დასადგენად მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 19 ქვეყნის 32 500 დასაქმებული გამოიკითხა. საკვლევი საკითხი ძირითადად ადამიანების განწყობები და მოლოდინები იყო - რას ფიქრობენ დასაქმებულები დღეს თავიანთ სამუშაოებზე, დისტანციურად მუშაობაზე, ახალი სამუშაო უნარების ათვისებასა და კარიერის სამომავლო განვითარებაზე.

აღმოჩნდა, რომ 32 500 ადამიანიდან 64% ფიქრობს, რომ ტექნოლოგიური განვითარება სამომავლოდ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ვიდრე - რაიმე სახის რისკს წარმოშობს. გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ სამსახურები ავტომატიზებული არ გახდეს, რადგან, მათი აზრით, ეს პროცესი ბევრი ადამიანის სამსახურის დაკარგვას გამოიწვევს. საზოგადოების 56% ამბობს, რომ დღეს ძალიან ცოტა დასაქმებულს აქვს სტაბილური სამსახური და მათი რაოდენობა სამომავლოდ კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო 48%-ის აზრით, დასაქმების ტრადიციული სფეროები დროთა განმავლობაში აღარ იარსებებს.

ამასთან, გამოკითხულთა დიდი ნაწილი სამსახურში ერთხელ მაინც ყოფილა ეთნიკური, გენდერული ან/და ასაკობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი, რამაც მათ კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა. პანდემიის გავლენებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, დასაქმებულთა ნაწილი სახლიდან მუშაობას შეეგუა. ამას ცხადყოფს ისიც, რომ 32 500 ადამიანიდან მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ თუ არჩევანის საშუალება ექნებათ, სამუშაო ოფისებიდან საქმიანობას აირჩევდნენ.

თუმცა დისტანციურ საქმიანობასაც, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს საკმაოდ მისაღები ფორმა გახდა, თავისი მინუსები აქვს. დასაქმებულების თქმით, ისინი ისურვებდნენ, რომ გარკვეული ინტენსიურობით თანამშრომლები თათბირებისთვის, ე.წ. ბრეინშტორმინგისთვის და საქმიანი პრობლემების გადასაჭრელად შეიკრიბონ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2025 წელს ადამიანებისა და ტექნილოგიების მიერ საქმიანობაზე დახარჯული დრო თანაბარი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4-5 წელიწადში 85 მილიონი სამუშაო ადგილი ხალხსა და მოწყობილობებს შორის განაწილდება, თუმცა ანალიტიკოსები ასევე 97 მილიონი ახალი ადგილის გაჩენასაც პროგნოზირებენ.