მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაზუსტებელია ვადები, ინვესტიციები... - რა კითხვები აქვს წყალტუბოს ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერს

5dbd871f05f23
ანა ციხისთავი
02.11.19 20:00
2340
Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებლის ანდრო ჯიშკარიანის აზრით, წყალტუბოში არსებული მიტოვებული შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ ჯიშკარიანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმ წერილის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, წყალტუბოში 22 სასტუმრო/სანატორიუმი გამოისყიდოს, რომელთაგან -15 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

წამყვანის კითხვაზე - ხომ არ დაწყებულა საუბარი „წყალტუბო სპა რესორტის“ გამოსყიდვაზეც, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ შემდგარა, თუმცა ნებისმიერი კომუნიკაციისთვის მზაობა აქვთ.

„მზად ვართ, ამ პროექტში რაღაცა სახით ჩავერთოთ, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე ცხრა წელია ვოპერირებთ აქ - „წყალტუბო სპა რესორტი” ესაა პატარა ოაზისი. წყალტუბო საკამოდ კარგი კურორტია, თუმცა ის მიტოვებული შენობები, რომელთა რიცხვი, თუ არ ვცდები, 15-მდეა, ნაწილში დღემდე ცხოვრობენ დევნილები, ნაწილი კი - ცარიელია, რეალურად, წყალტუბოს იერსახეს აფუჭებს, რაზეც ძალიან ხშირად სტუმრებისგან ბევრი შენიშვნა მიგვიღია. ამიტომ ამ შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია, ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას“, - ამბობს ანდრო ჯიშკარიანი, მაგრამ ივანიშვილის პროექტთან დაკავშირებით რიგი კითხვები აქვს:

„ამ მომენტისთვის ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს - არაა ცნობილი მიდგომა, არაა ცნობილი, პროექტი მთლიანად ქალაქს მოიცავს თუ სახელმწიფო ობიექტებს, დასაზუსტებელია ვადები, დასაზუსტებელია ინვესტიციები, დასაზუსტებელია ფორმა, დასაზუსტებელია რას გულისხმობს 22 სანატორიუმის გამოსყიდვა. ამიტომ ძალიან რთულია შეფასება მივცეთ. ჩემი აზრით, ნებისმიერი ინვესტიცია, რაც წყალტუბოში გაკეთდება, იქნება კარგი ქვეყნისთვის და წყალტუბოსთვის.

ეს კურორტი ძალიან მივიწყებული იყო და ბოლო ორი დღის მანძილზე ეკრანებიდან არ ჩამოდის, რაც საკმაოდ მისასალმებელია, რადგან ასეა თუ ისე, მოხდება კურორტის აღორძინება; მინიმუმ ძალიან დიდი და კარგი პიარი გაუეთდა ლოკაციას.

ასევე, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს წყალტუბოს მიტოვებული ადგილები მხოლოდ ფოტო გადაღებებისთვის გამოიყენება, როგორც საბჭოთა კავშირის მიტოვებული ერი. ეს სახარბიელო ნამდვილად არაა”, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებული წერილის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერი წყალტუბოში არსებულ 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს. ყოფილი პრემიერის შეფასებით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება.

ამ დრომდე უცნობია პრივატიზაციის რა ფორმით გეგმავს ივანიშვილი როგორცსახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას, ისე კერძო მესაკუთრეებისგან სანატორიუმების გამოსყიდვას. დამატებით ინფორმაციას არც - ეკონომიკის სამინისტროში ფლობენ და დეტალებზე ვერც პარტიაში საუბრობენ.

თემის კომენტირებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ თანაინვესტირების ფონდშიც.