მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოშია“ - დეპუტატი

63173b7d0b484
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.22 16:24
815
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ეკა სეფაშვილის განცხადებით, დაუნახაობაა არ შევნიშნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვერ დავეთანხმები ოპოზიციის შეფასებებს და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკურ პროცესები ნეგატიურად მიმდინარეობს. დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და არ გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რა პირობებშიც საქართველოს უწევს ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკას.

გავითვალისწინოთ ის, რომ რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელმაც გამოიწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის განვითარება ნეგატიური ტენდენციებით ხასიათდება და ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ეს ჩემი აზრით ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის სიღარიბის იმ დონის შემცირებისთვის, რაც საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და არავითარ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას დაძლიოს ის სიღარიბე და სიდუხჭირე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების და საერთაშორისო წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა თქმა უნდა, ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ეკონომიკის ზრდა, რაც საქართველოში ფიქსირდება, ექსპორტის ზრდა, რომელიც იანვარ-ივლისის მონაცემებით დაახლოებით 36%-ია, არის ის ქმედითი ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას", - განაცხადა სეფაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრების მაჩვენებელია უმუშევრობის შემცირებაც.

„2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 % - ით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნებაც. ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

"დადებითი შოკი"- Fitch-ი საქართველოში რუს მიგრანტებსა და მათ ფულად გზავნილებზე