მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაუშვით სწრაფი ტესტები საზღვარზე”- ტუროპერატორების მოთხოვნა

6047a76287d79
ანუკა ჯოხაძე
09.03.21 22:44
1059
ტურისტული კომპანიები მორიგი მოთხოვნით გამოდიან - კერძო სექტორი მთავრობას საზღვარზე PCR ტესტებთან ერთად სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების დაშვებას სთხოვს. მიზეზი PCR ტესტების ღირებულებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტის შემთხვევაში განსხვავებულია.

მოგზაურს ტურის დაგეგმვისას PCR ტესტის გაკეთება მინიმუმ სამჯერ უწევს. ჯერ თავის ქვეყანაში, რომლის უარყოფით პასუხს საზღვარზე წარმოადგენს, შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს და ბოლოს თავის ქვეყანაში დაბრუნებისას. ჯამში ამ მიმართულებით გაწეული ხარჯი სამოგზაურო ტურს საშუალოდ 200-250 ევროთი ან დილარით ზრდის (ფასი დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც ტურისტი ტესტს იკეთებს). ანტიგენის ტესტი კი როგორც "ომნეს ტურის" დამფუძნებელი ირაკლი კაბულაშილი ამბობს, შედარებით დაბალბიუჯეტიანი საშუალებაა, რითაც საზღვარზე ტურისტების შემოწმება სხვა ქვეყნებში უკვე ნაცადი პრაქტიკაა.

“ორგანიზებული ჯგუფური ტურიზმისთვის საკმაოდ რთულია დიდი ჯგუფის შეკრება და იმ ხალხით დაკომპლექტება, რომლებიც ტურის ღირებულებას კიდევ ზემოდან დაამატებენ 250-300 ევროს, იმისთვის რომ იმოგზაურონ საქართველოში. ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი ალტერნატივა, გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოცდილება, სადაც უკვე დაშვებული არის pcr ტესტის პარალელურად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რაც აადვილებს ლოჯისტიკას და რადიკალურად ამცირებს ხარჯებს”, - აცხადებს ირაკლი კაბულაშვილი, "ომნეს ტურის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ქვეყნებიდან მოქალაქეებს უფლება აქვთ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შემოვიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ;

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, თან საკუთარი ხარჯებით.
სრულად იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც უარყოფითი PCR ტესტით ტურისტებს ჩამოსვლა შეუძლიათ შეგიძლიათ იხილოთ აქ.