მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავა $25 მლნ-ზე - რა არგუმენტები აქვს "Georgian Airways"-სს რუსეთის წინააღმდეგ

5d9ca174f2eb8
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.19 20:00
2496
2019 წლის 7 ივლისს მოსკოვში Georgian Airways-ის უკანასკნელი რეისი დაეშვა, რის შემდეგაც საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აიკრძალა. ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა ქვეყანაში არსებული “უსაფრთხოების” მიზეზების გამო აეკრძალათ. ქართული ავიახაზებისთვის კი, ფრენის ასაკრძალად კრემლმა განსხვავებული მიდგომა გამოიყენა.

2019 წლის 24 ივნისს, Georgian Airways-მა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წერილი მიიღო, რომელშიც რუსული მხარე აცხადებდა, რომ Georgian Airways-სს სანავიგაციო მომსახურების დავალიანება ჰქონდა, ხოლო მისი საავიაციო უსაფრთხოება კი, სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. როგორც კომპანია განმარტავს, ორივე არგუმენტი სიცრუეს წარმოადგენდა, რისი დასაბუთებაც მათ მარტივად შეუძლიათ.

ფრენების აკრძალვის შედეგად, ავიაკომპანია მძიმე ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგანაც მას მოულოდნელად საზაფხულო სეზონის წინ ყველა გაყიდული ბილეთის უკან დაბრუნება მოუწია.

ავიაკომპანია აღნიშნულ პერიოდში ხუთი მიმართულებით - მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კაზანში, რიაზანსა და უფაში დაფრინავდა. BMG-ისთან საუბარში Georgian Airways-ის CEO რომან ბოკერია ამბობს, რომ ზაფხულის სეზონის წინ 40,000 ბილეთი ჰქონდა გაყიდული, რომლის უკან დაბრუნებაც მილიონობით დოლარი დაჯდა.

“კომპანიას შეექმნა კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა. 40,000 გაყიდული ბილეთი დავაბრუნეთ, 25 მილიონი დოლარის ზარალი მივიღეთ. მოსალოდნელი მოგება, რაც წლის დასაწყისში იყო გაწერილი, ვერ მივიღეთ. ანუ ორმაგი დანაკლისი მივიღეთ, ერთი - რეალური ფული რაც მოვიდა, უკან დავაბრუნე, ზოგიერთ შემთხვევაში საჯარიმო სანქციებით. მეორე კი ის, რომ დაგეგმილი შემოსავალი ვერ მივიღეთ. მეტიც, არამარტო რუსეთის რეისებზე, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყო არაერთი ფაქტი ბილეთების დაბრუნების, რაც ასევე ფრენების აკრძალვას და არასტაბილურობას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ირიბად მათზეც გავრცელდა ეს დანაკარგი. ჯამში, ეს 25 მილიონს შეადგენს,” - ამბობს ბოკერია.

რომან ბოკერიას თქმით, ავიაკომპანიის იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც Georgian Airways-ი ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს. დავაში ავიაკომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ზარალის კომპენსაციის სახით $25 მილიონს მოითხოვს. ბოკერიას თქმით, ზარალის ანაზღაურებას კრემლისგან თავად რუსული ავიაკომპანიებიც ითხოვენ, რაც 1 მილიარდ რუბლს ($16.6 მილიონს) შეადგენს.

რომან ბოკერია BMG-ისთან აცხადებს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ავიაკომპანიას მთავრობისგან არავითარი დახმარება არ მიუღია. “მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით, მთავრობის მხრიდან ჩვენ არანაირი დახმარება არ მიგვიღია, არანაირი დახმარება. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მივმართეთ მთავრობას, მთავრობის მეთაურს, ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას არანაირი დახმარება არ მიუღია", - აცხადებს ბოკერია.