მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გაჭიანურების ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება

623853a7c3691
გიორგი თოლორდავა
21.03.22 23:35
1066
რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებისა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წარუმატებლად დასრულების ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 117-დოლარიან ნიშნულს აღწევს, WTI Crude-ის ღირებულება კი 113 დოლარს უახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და 8 მარტს ბარელი Brent-ის ღირებულებამ 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, თუმცა ფასების რეკორდული ტემპით ზრდას მალევე მოჰყვა მკვეთრი კორექცია და გასულ კვირას ნედლი ნავთობის ღირებულება 98-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა. აღნიშნული კლების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მოლოდინი და ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდა იყო.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ერთ კვირაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ახლა უკვე ფასების ფორმირებაზე სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი კი მოლაპარაკებების წარუმატებლობაა. ინვესტორებს და ტრეიდერებს აღარ აქვთ იმის მოლოდინი, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება და სიტუაცია დასტაბილურება.

გასათვალისწინებელია ჩინეთში ინფიცირების ტემპის შენელებისა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფაქტორიც, გასულ კვირას ნავთობის ფასების ვარდნის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ჩინეთში მკაცრი ლოკდაუნის დაწესების და საწვავზე მოთხოვნის შემცირების რისკების ზრდა იყო.