მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ფერაძე - რკინიგზის 11,000 თანამშრომელს ანაზღაურება 10%-ით გაეზარდა

5e05c71660d0d
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.19 13:05
1968
საქართველოს რკინიგზის CEO დავით ფერაძე ამბობს, რომ კომპანიის შემოსავლების მატებასთან ერთად, რკინიგზამ მასში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო. ფერაძის თქმით, 2019 წლის დეკემბრიდან 11,000 თანამშრომელს ხელფასი 10%-ით გაეზარდა. 

"ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ჩვენ არ დაგვვიწყებია სოციალური საკითხი, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ჩვენი თანამშრომლები და როგორც უკვე დავპირდით, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან დაახლოებით 11 ათასი თანამშრომელი მიიღებს 10%-იან სახელფასო ნამატს," - ამბობს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. 

დავით ფერაძე რკინიგზის 2019 წლის შედეგების შესახებ - ინტერვიუ




2019 წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზისთვის იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა. 2019 წლის განმავლობაში კომპანია 10.8 მილიონი ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 8%-ით მეტია. 

რა ტვირთების ტრანსპორტირება გაიზარდა 2019 წელს? 

საქართველოს რკინიგზის სტატისტიკური ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კლება 2019 წელსაც გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული ვარდნა სხვა ტვირთების - კარბამიდის, ქვანახშირის, სპილენძის მადნებისა და სხვა ტვირთების გადაზიდვაში არსებულმა მატებამ დააბალანსა. 

ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ცალკეული ტვირთების მიხედვით: 

ქვანახშირი - 512,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 558%; 
კარბამიდი - 132,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 289%; 
მეთანოლი - 408,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 100%; 
სპილენძის მადანი - 383,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 23%; 
მანგანუმის მადანი - 314,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 22%. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის საშუალებით სატრანზიტო ტვირთების მიმღები TOP-5 ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, კვიპროსი და ნიდერლანდებია. 

სატრანზიტო ტვირთების TOP 5 გამომგზავნ ქვეყანას კი აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და სომხეთი წარმოადგენს.