მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით მესხიშვილი ტაქსების რეფორმაზე: მე აქ საერთაშორისო გამოცდილებას ვერ ვხედავ

5dac24461a6b3
ნუცა ბაზლიძე
20.10.19 13:11
2530
„მე აქ საერთაშორისო გამოცდილებას ვერ ვხედავ,“- აცხადებს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ მართალია, ერთი ფერის ტაქსების პრაქტიკა საერთაშორისოდ მიღებულია, თუმცა ამას წინ უძღვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპები, რაც საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად საჭიროა.

„მსგავსი რეგულაცია ასე „შეპარვით“ არ უნდა გამოცხადებულიყო. ყველა ეტაპი თავიდანვე დაგეგმილად უნდა გამოცხადებულიყო, აღნიშნულიყო რომელ წელს რა შევიდოდა ძალაში. ეს თვითდასაქმებულს დაეხმარებოდა, რომ მიმხვდარიყო, საერთოდ უღირდა თუ არა სფეროში დარჩენა“, - განმარტავს მესხიშვილი რეფორმაზე საუბრისას.

დავით მესხიშვილი მერიას მოუწოდებს, რომ რეფორმა ამ ეტაპზე გარკვეულწილად შეაჩეროს, რადგან ტაქსი შეიძლება გახდეს უკეთესი, მაგრამ საბოლოოდ სიმკაცრით დარეგულირება შედეგს ვერ გამოიღებს და ბაზარზე ალტერნატიული საშუალებები მაინც გაჩნდება. მისი განმარტებით, საჭიროა დიდი არჩევანი და ჯანსაღი კონკურენცია.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების რეფორმის კიდევ ერთი ტალღა, რომლის მიხედვითაც ტაქსები A და B კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ტაქსებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი და ტაქსის ლიცენზია, მათ საშუალება აქვთ მგზავრი აიყვანონ ქუჩიდან, B კატეგორიის ტაქსებს კი მხოლოდ გამოძახებით შეუძლიათ მომსახურება, ამასთან მათ არ აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ თეთრად შეფერილი მანქანა. A კატეგორიის მძღოლებს სხვა პრივილეგიებით სარგებლობაც შეუძლიათ, როგორიცაა უფასო პარკინგი.