მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის

5d887eb22e75f
თელარა გელანტია
23.09.19 12:09
1483
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრის, ასევე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა იწყება.

„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ამ მიმართულებით კომპანიებს უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ვნახოთ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, როცა სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განაცხადების შეფასებას, კალკულაციას და ამის შემდეგ მოგვიანებით იქნება საკითხი ცნობილი, თუმცა რაღაც განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას აზრით, მიუხედავად ელექტროენერგიის იმპორტის ზრდისა, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

"ელექტროენერგიის ტარიფები დადგენილია სამი წლის ვადით და ამ ეტაპზე მისი გადახედვის, ან რაიმე სახით ზრდის საჭიროება არ არსებობს", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ბუნებრივი გაზის მოქმედ ტარიფში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში გათვალისწინებულია 2.66 ლარი. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, დღეს 1 აშშ დოლარი 2.98 ლარი ღირს.