მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: ვალუტის კურსი ტარიფზე მოქმედებს, თუმცა გაზის ფასის ზრდას არ ველოდებით

5ddba33e2ebe7
დავით ჯალაღონია
25.11.19 13:50
1133
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ლარის გაუფასურების ტარიფებზე ზემოქმედების ფაქტორებზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა დავადგინოთ. ბუნებრივია, ვალუტის კურსი მოქმედებს ტარიფზე, ვინაიდან ჩვენ გაზი დიდწილად მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვალუტის კურსს ვითვალისწინებთ ტარიფის გაანგარიშების დროს, თუმცა არის ასევე სხვა ფაქტორები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ტარიფის გაანგარიშებაში - ეს არის ინვესტიციები, ასევე მოსაწოდებელი გაზის ფასი.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე იმის თქმა, რა გავლენა ექნება კონკრეტულად კურსს, გამიჭირდება, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით, გაზის ფასის ზრდას არ ველოდებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზის მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.66-ის ნიშნულით არის გათვალისწინებული, ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარი 2.97 ლარი ღირს.