23.სექტემბერი .2019 19:00

დავით ნარმანია: ვალუტის კურსთან დაკავშირებული საკითხები ტარიფებს ამძიმებს

views 243
უკან

სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას ეხებოდა.

ნარმანიამ ტარიფებზე როგორც - დადებითად, ისე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები დაასახელა.

"ბუნებრივად, ბაზრის გახსნა ტარიფებზე გავლენას იქონიებს, თუმცა რამდენად დაამძიმებს ან შეამსუბუქებს, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, არის ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებს, ანუ ტარიფზე ზეწოლა არ ხდება. ეს არის იგივე, სისტემაში დანაკარგების შემცირება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ასევე კომპანიების მენეჯმენტისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც ვმუშაობთ, ასევე დადებითად მოქმედებს ახალი წესები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, კომპანიების მიერ ჩადებული ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასება მოხდება, ეს იქნება სამხარაულის ბიუროს მეშვეობით, თუ აკრედიტირებული, კერძო საშემფასებლო კომპანიების მხრიდან.

არსებობს მეორე მხარეს ფაქტორები, რომლებიც დამძიმებას იწვევს. მაგალითად, ელექტროენერგეტიკის სექტორში გენერაციის შემდგომ განვითარებაზე აქტიურად თუ არ ვიმუშავებთ, ეს უკვე მოქმედებს და მომავალშიც გააგრძელებს ტარიფზე უარყოფით მოქმედებას, ისევე როგორც ვალუტის კურსთან დაკავშირებული საკითხები, ელექტროენერგიის იმპორტისა და გაზის იმპორტის ნაწილში, კურსზე დამოკიდებულება არის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე. ამიტომ ამ ყველაფრის შეწონვა ხდება, როცა კომისიას ტარიფების გადახედვა უწევს და ამ მოცემულობების ერთობლიობით საბოლოოდ კალკულირებული ტარიფი მიიღება, რომელსაც კომისია ადგენს", - განმარტა დავით ნარმანიამ.

ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფებს სემეკი წლის ბოლოს დაადგენს.