მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

648199ec707c1
BM.GE
08.06.23 13:06
371
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ სემეკი ამ მიმართულებით 2022 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას: „მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. გარდა ამისა, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235 ლარი. აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, 2022 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2022 წელს მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. აღნიშნული პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან.

"2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 26.92მგვტ. 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ იზრდება 4.5%-ით“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

სემეკის წლიური ანგარიშის შესაბამისად, 2022 წელს საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. 2022 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 998 მლრდ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, დავით ნარმანიას თქმით, 2022 წელს საქართველოში ოპერირებდა წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი.

„წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 3 - კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68%-ის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზე. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.

სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.