მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანიას "ენერგო-პროსთან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვს

6001963bba822
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.21 22:16
752
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ფიქრობს, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და კომპანია 2020 წლის ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესის განხორციელებაზე უარს არ იტყვის.

2021 წლის პირველი ივლისის შემდეგ კი ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს, კერძოდ კი ერთმანეთისგან გაიმიჯნება გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესები. შესაბამისად, ბაზრის ახალი წესებით, “თელასს” საქმიანობის გასაგრძენელად ბიზნესების გამიჯვნა ესაჭიროება.

როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გაყოფის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვა. ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი ამჟამად კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ამ საქმიანობის შესრულებაზე უარს იტყვის, ეკონომიკის სამინისტრო მისი “ესკოთი” ჩანაცვლებას განიხილავს.

დავით ნარმანიას აზრით, უმჯობესი იქნება თუკი ელექტროენერგიის მიწოდების ფუნქციას კვლავ კერძო კომპანია შეასრულებს.

“იმ შემთხვევაში თუ “ენერგო პრო” საბოლოოდ უარს იტყვის მიწოდების ფუნქციის განხორციელებაზე და ამ მხრივ ინტერესს არ გამოხატავს, მთავრობა ამ მოვალეობას აუცილებლად დააკისრებს სხვა კომპანიას. არიან კერძო კომპანიები, მაგრამ შესაძლოა სახელმწიფო კომპანიას დააკისროს ამ ფუნქციის შესრულება. ეს არც ევროპული კანონმდებლობით და არც ჩვენი პრაქტიკით არ არის შეზღუდული, თუმცა მე როგორც თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტი მაინც ვფიქრობ, რომ კერძო კომპანიას უნდა დაეკისროს და ამ თვალსაზრისით კერძო კომპანია უკეთესი მმართველი იქნება ვიდრე სახელმწიფო კომპანია. თუმცა, სახელმწიფო კომპანიას არაფერს არ ვერჩი, მას ბევრი სხვა ფუნქციები აქვს, რომლებსაც ის ძალიან კარგად ართმევს თავს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ “ენერგო-პრო” მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და მისი მფლობელი ჩეხური კომპანია დააფუძნებს ახალ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოში, რომელიც იქნება ენერგიის მიმწოდებელი,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” რა სახის შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, მას მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე გავლენა არ ექნება.

“ენერგო-პრო ჯორჯიასგან” განსხვავებით, კომპანიის განცალკევების შემდეგ ოპერირების გაგრძელებას გეგმავს “თელასი”, რის შესახებაც კომპანიის წარმომადგენლებმა BMG-ის წერილობით აცნობეს.