მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ონოფრიშვილი: სადაზღვევო სექტორის დაღმასვლა გაძლიერებულია

5f6dd797489a9
ელენე გოგბერაშვილი
25.09.20 16:38
1750
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიებს მინიმალური კაპიტალის ზღვრის 3 მილიონი ლარით გაზრდის ვალდებულება ერთი წლით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადდათ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო მოცულობა 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

ზედამხედველის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 15 სადაზღვევო კომპანიის მიერ მათდამი გაგზავნილი მიმართვა, სადაც სექტორი ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადებას ითხოვდა.

„ზედამხედველმა შეაფასა, რომ ლიკვიდობის პრობლემა არცერთ სადაზღვევო კომპანიას 2018 წელს არ ჰქონდა. ასევე გაითვალისწინა და გაიხსენეს ის ფაქტი, რომ კაპიტალის ზრდა დაკავშირებული იყო სავალდებულო ხასიათის პროდუქტების ამოქმედებასთან და მიიღეს სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ეს 3 მლნ ლარი კომპანიებმა და კომპანიის დამფუძნებლებმა ჩააბრუნონ კომპანიაში და არ გაყინონ საბანკო ანგარიშებზე მაშინ, როდესაც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა მომავალთან მიმართებაში და მაშინ, როცა 4,2 მილიონი ლარის გაყინული კაპიტალიც აბსოლუტურად საკმარისია დღევანდელ სადაზღვევო მოცულობასთან გასამკლავებლად“, - აცხადებს ნინო კობახიძე.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებს ეფუძნება.

„ბოლო პერიოდში წარმოიქმნა გარკვეული სირთულეები კომპანიების ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებით. მაგალითად, ტურისტების დაზღვევა აღარ ხდება, რადგან ტურისტები აღარ შემოდის, ასევე საზღვარზე უცხოური ავტომობილების დაზღვევა პრაქტიკულად განახევრებულია. ჩვენ ყოველთვიურად ანგარიშგებას ვიღებთ კომპანიებიდან, ამიტომ ეს ტენდენციები უკვე ღიად დავინახეთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში. ჩანს, რომ დაღმასვლა გაძლიერებულია, თუმცა მთლიანად რომ შევადაროთ წინა 8 თვე წლევანდელს, ჯერ მოგებაშია დაზღვევის სექტორი, მაგრამ როგორც ჩანს ტენდენცია, რაც დაიწყო მაისი-ივნისიდან მოგების შემცირებით, სურათი ნელ-ნელა მიდის მინუსისკენ.

ვხედავთ, რომ რისკები დიდად არ იზრდება იმ მხრივ, რომ ვალდებულებები, რაც აქვთ მოქალაქეებთან, დაიფარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციაში, რომ ეს ერთი წლით გადავადდეს ანუ შემდგომი გაზრდა არ მოხდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ამით შესაძლებლობა მიეცემათ კომპანიებს, ეს 3 მილიონი გამოიყენონ შეხედულებებისამებერ“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.