მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე კომპანიებს სამ კონტინენტზე ეძებს

5f1ee578be2e9
ელენე გოგბერაშვილი
28.07.20 00:00
2173

მეორე წელია მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კი ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, დღესაც განიხილავენ ახალ პროექტებს, თუმცა პროექტები არ მტკიცდება და რჩება განხილვის ეტაპზე, რადგან მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, რას უპირებს საპარტნიორო ფონდს.

თავად დავით საგანელიძე ამბობს, რომ რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი აქცენტს რეგიონებში საინვესტიციო პროექტებზე გააკეთებს. ამ მიზნით ის სამ კონტინენტზე უკვე ეძებს შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობენ. გარდა ინოვაციებისა, საგანელიძე აცხადებს, რომ ფონდი დააფინანსებს მათ შორის სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი, ინდუსტრიული მიმართულებით არსებულ პროექტებს და იმ სტარტაპებს, რომელთაც ბანკები მაღალი რისკიანობის გამო არ აფინანსებენ.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორი პროექტები იქნება ფონდისთვის საინტერესო. პირველ რიგში ის, რომელიც მაღალტექნოლოგიებზე და ინოვაციებზეა დაფუძნებული. მაქსიმალურად ვეძებ, ვეკონტაქტები, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპის, აშშ-ის, თუ აზიის კომპანიებთან, რომლებიც ბოლო წლებში წინ გაიჭრენ ინოვაციების კუთხით და ვფიქრობთ, მათთან ერთად საქართველოში გადმოტანა სხვადასხვა ტექნოლოგიების საწარმოების, იქნება ეს თუნდაც მზის ენერგიაზე თუ სხვა ბუნებრივ აღდგენით რესურსებზე დამოკიდებული საწრამოები, იქნება მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობა. პანდემიამაც გვანახა, რომ უნდა გვქონდეს სოფლის მეურნეობის ძლიერი ბაზა; მათ შორის გადამამუშავებელი წარმოების, რადგან ამისი რესურსი გაგვაჩნია.

ასევე საინტერესოა ინდუსტრიული სფერო. მნიშვნელოვანია სტარტაპ პროექტები, რომლებიც სტარტაპით ფინანსდება თავიდან, მაგრამ რამდენიმე გასცდა მასშტაბებს და ინდუსტრიული ფორმა მიიღო, იმხელა დაკვეთები აქვთ, რომ სერიოზულ საწარმოებზე ფიქრობენ. აქაც მზად ვართ, ასეთი პროექტები განვავითაროთ და წინ წავიყვანოთ“, - აცხადებს დავით საგანელიძე. 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ არ შევლენ ენერგეტიკის პროექტებში და ასევე სასტუმრო ბიზნესში, თუმცა გამონაკლისის სახით, თუ ეს პროექტები რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, არ გამორიცხავს აქაც ფონდმა კაპიტალი გაიღოს.

„დღეს, როცა არსებობს ქვეყანაში ენერგეტიკის ფონდი, ენერგო პროექტებიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ენერგეტიკის პროექტების დაფინანსება ჩვენი მიმართულება არ უნდა იყოს. გამონაკლისების სახით, რომელიც დაწყებული გვაქვს, შეიძლება მათი მიყვანა ბოლომდე იყოს სწორი. მე არ ვამბობ მკაცრად, რომ არ შევა. როგორც წესი არ შევა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ენერგოპროექტი, რომელსაც დავასრულებთ ან გადავცემთ ენერგეტიკის ფონდს. 

ეს ერთი, მეორეა სასტუმრო ბიზნესი, სასტუმროებმაც უკვე კარგი სტარტი აიღეს, კარგი მაგალითებია და სახელმწიფოს მონაწილეობა არ იქნება სწორი; თუ არა ის სასტუმროები, რომლებიც რთულ რეგიონებშია, შეიძლება იქ ჩვენ კაპიტალი ჩავდოთ და არა დიდ ქალაქებში და განვითარებულ რეგიონებში“, - აცხადებს საგანელიძე. 

ბოლო პერიოდში საგანელიძე ხშირად ახსენებს და BM.GE-თანაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი იმ სტრუქტურით, როგორიც დღეს არის კვაზი უწყებაა, რადგან ფორმალურად მის დაქვემდებარებაშია რიგი სახელმწიფო საწარმოები, რომელთა ნაწილის ფინანსური მაჩვენებლები ფონდის საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად მოქმედებს. ამ დროისთვის ჯერ კიდევ ფონდის ბალანსზე რჩება საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, არასწორი მიდგომაა.

„რაც დღეს ფონდის საქმიანობაში ჩემი აზრით არასწორადაა მოქცეული, ესაა სახელმწიფო კომპანიების მფლობელობა. მფლობელობა და არა მართვა. სწორედ ეს არის ის კვაზი ფორმა, რაც 2010 წელს ჩამოყალიბებული ფონდის საქმიანობით დაიწყო“, - ამბობს საგანალიძე.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ფონდის რეფორმირების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა, რამდენად მოიცლიან წინასაარჩევნოდ საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის შეცვლისთვის, რთულად პროგნოზირებადია.