მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება

6033df0904698
თელარა გელანტია
22.02.21 20:41
1086
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, „10 წლიანი გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ვფიქრობ, ეკონომიკური ნაწილი იქნება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მუშაობაში“.

ეს განცხადება მან პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობას უცხადებენ.

დავით სონღულაშვილის სიტყვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მე, როგორც დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, მსურს ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ სამთავრობო პროგრამასთან და განსაკუთრებით მის ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით. 10 წლიანი გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ვფიქრობ, ეკონომიკური ნაწილი იქნება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მუშაობაში, რათა ბიზნესს, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, იმისთვის რომ, მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული პროგრამაში.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის.

ევროკავშირთან დაახლოება და ასოცირების პროცესი პროგრამის ძირითადი ლაიტმოტივი იყო და აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს პროცესი მოიცავს ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, რაც გულისხმობს გარკვეულ რეგულაციების შემოღებას ან დახვეწას, როგორც სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის, ისე სალიცენზიო საქმიანობის, შრომის კანონმდებლობის და სხვა მიმართულებებით. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში, ამ რეფორმების გატარებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტი, ე.წ RIA, რაც ნამდვილად თანამედროვე მიდგომაა ეკონომიკური რეფორმების გატარების მხრივ.

ამასთან, მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მე, ეს პერიოდი ხშირად მქონდა შეხვედრები და მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მათთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, გადამწყვეტი შეიძლება იყოს შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. 2021 წელი იქნება სწორედ გადამწყვეტი, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ, ამიტომაც ეს წელი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს სწორად, მიზანმიმართულად, ყველა საჭიროების განთვალისწინებით, რისკების მაქსიმალური დაზღვევითა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერით.

რა თქმა უნდა, ამ პრობლემების დაძლევა მხოლოდ მთავრობისა და მხოლოდ ხელისუფლების საქმე ვერ იქნება და სწორედ, აქ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობა, ამიტომ მზად ვარ, რომ ყველა ფორმატი და ყველა პლატფორმა გამოვიყენო, რათა ვაწარმოოთ დიალოგი ეკონომიკური ფერომების კუთხით, საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისა და მით უფრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ეს მთლიანობაში გაზრდის რეფორმებისადმი ნდობის მაჩვენებელსაც და დაეხმარება პროცესის გაჯანსაღებას. ჩვენი კომიტეტიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პლატფორმა ასეთი ტიპის ჩართულობის უზრუნველყოფისა და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ რეფორმების ტემპი და ის სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯები, რაც მთავრობამ კრიზისის დაძლევისა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გადადგას, რომ რაღაცნაირად უნდა შეფერხდეს და გაიწელოს დისკუსიებში. არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ, საზოგადოების მეტი ჩართულობა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატის გამოყენება, ჩემი აზრით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეფორმები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს და მათში გათვალისწინებული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფისა და მხარის ინტერესი.

მეორე საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ის აქცენტები, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას შეეხება. გლობალური ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა რომ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიზნესის კეთების სიმარტივე და ის სხვა მექანიზმები, რაც ჩვენ უკვე გვაქვს და რაც საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მაღალ პოზიციებზეც აისახება, არ იქნება საკმარისი და ჩვენი ახალი მიდგომები უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე შიდა ინვესტირების სტიმულირებისთვის. ამ მხრივ საჭირო იქნება საინვესტიციო წყაროების მუდმივი ანალიზი და კონკრეტული, ხშირად ინდივიდუალური გეგმების მომზადება კონკრეტული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

პოსტპანდემიურ მსოფლიოში ინვესტიციების რესურსი კიდევ უფრო შეზღუდული იქნება, თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ ახალი მიდგომების გამოყენებით, რაზეც იყო პროგრამაში საუბარი, ამ გამოწვევას შედარებით უფრო ადვილად გაუმკლავდეს და ჩვენ მოვიზიდოთ ის საჭირო ინვესტიციები, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. ამ პროცესში შეიძლება ასევე დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ჩართვაც და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ბიზნესების გამოყენებაც. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ალბათ ჩვენთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სწორედ შიდა და გარე ინვესტიციების მოცულობის ზრდაა.

შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება და რაც ასევე აღნიშნული იყო პროგრამაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ეს ყველამ იცის, რომ აღნიშნული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია. ასეთი ვითარებაა ჩვენთანაც, ამიტომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერის პროგრამები ამ მხრივ მისასალმებელია. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით, უნიკალური პოზიციის მქონეა რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირითან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ქართულ ბიზნესს აქვს წვდომა 2 მილიარდზე მეტი მოსახლეობის ბაზართან და ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ჩემი აზრით, ინტენსიური მუშაობა უნდა წარიმართოს იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ფერმერებსა და აგროინდუსტრიის წარმომადგენლებს, მივცეთ მათ შესაბამისი ცოდნა და აღმოვუჩინოთ ტექნიკური მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ ავითვისოთ ეს ბაზრები. ამით ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი იგრძნონ კონკრეტულმა მოქალაქეებმა და კონკრეტულმა ოჯახებმა. ამ ბაზრებზე გასვლა და იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, გულისხმობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას და ეს შემდეგ ჩვენს მომხმარებელზეც პოზიტიურად აისახება. საექსპორტო ბაზრების ათვისების მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად კი, მნიშვნელოვანი იქნება ასევე ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაადვილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ამაზეც უნდა იმუშაოს მთავრობამ ინტენსიურად.

კიდევ ერთი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ეს არის მიწის რეგისტრაცია და ის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, გაიწელა. მე წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობის დროსაც, როცა წარმოვადგენდი გურჯაანის მუნიციპალიტეტს და ახლაც, როცა წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა კომუნიკაცია და ვხვდებოდი კახეთის უკვე 4 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დავინახე, რომ რეგისტრაციის პრობლემა, როცა არსებობს მიწები, რომელთა სტატუსი გაურკვეველია, აფერხებს მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასაც. ხშირად გლეხები იყენებენ წლობით მიწებს, მაგრამ ვერ არეგისტრირებენ და ეს, რა თქმა უნდა, აძნელებს მათ სრულფასოვან გამოყენებას. აი, მაგალითად, რამდენიმე წელია დაწყებულია ვენახების კადასტრის შექმნის პროცესი, რომელიც ასევე სხავადასხვა მიზეზის გამო ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ისევ გვაქვს ვენახები, რომელსაც ფერმერები ვერ იყენებენ სრულად და გვრჩება ყურძენი, რომელიც არ არის ეკონომიკურ პროცესებში ჩართული. ეს დიდი პრობლემაა მთლიანად კახეთისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მიწის რეგისტრაცია, რაც ასევე აღნიშნული იყო პროგრამაში და მათ შორის ვენახების კადასტრის პროცესის დასრულება არის მართლაც პრიორიტეტული და საჩქარო საკითხი, რაზეც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს.

და ბოლოს, არ შემიძლია არ ვისაუბრო ეროვნული ვალუტის დევალვაციის და ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, რაც როგორც კონკრეტული მოქალაქეებისთვის, ასევე ბევრი მეწარმისთვის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. კურსის მერყეობა და მოკლე პერიოდში გაუფასურებების შემთხვევები ასევე არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქმნის ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად ცუდი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ნუ, ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პლუს ეს დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა.

ბოლოს კი, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ პრემიერმინისტრს და მთლიანად მთავრობას ამ პროგრამის წარმოდგენისთვის. მართლაც სწორი სტრატეგიაა შესაძლებლობების ეკონომიკად გარდაქმნა და ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი. მე კი, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ მზაობას, რომ ჩემი რესურსებით ჩავერთო ამ პროცესში და ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, მუდმივად შევაფასო აღნიშნული პროგრამის განხორციელება და იმ ინდიკატორები შესრულება, რაც არის პროგრამაში მოცემული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.