მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი: მოსამართლეების სანქცირება მძიმე ფაქტია

64397e91889dc
თელარა გელანტია
14.04.23 23:50
1160
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება მძიმე ფაქტია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. დეპუტატის თქმითვე, მოსამართლეების სანქცირება გამოწვევაა საინვესტიციო კლიმატისთვის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე „შესაბამისი პასუხები იქნება“.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლოს სჭირდება თუ არა რეფორმა, რეფორმა სჭირდება ნებისმიერ სისტემას, რადგან გარემოება ცვალებადია და როდესაც ქვეყანა ვითარდება, ამ განვითარებას ნებისმიერი სისტემა უნდა მიჰყვეს“, - თქვა მან. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო 10 წლის განნმავლობაში ბევრი სისტემური რეფორმა განხორციელდა, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე სხვა სფეროებში, მაგრამ ეს არის განგრძობითი პროცესია.

- ამერიკამ ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა უმძიმესი ბრალდებით - მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა - მმართველი ძალის ლიდერშიპის განცხადებები მოვისმინეთ. თქვენი პათოსიც იგივეა თუ რაღაც პრობლემას მაინც ხედავთ მოსამართლეების სანქცირებაში?

- ცალსახად ვაფიქსირებ, რომ ფაქტი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა და ხაზს უსვამს იმას, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც სასამართლოში განხორციელდა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კიდევ არის ბევრი ინფორმაცია, რომელსაც გავეცნობით და მექნება მეტი შეფასების შესაძლებლობა, თუმცა დღეს მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის დიდი რეფორმა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა კიდევ საჭიროებს გაგრძელებას, რაც დაგეგმილია და მიმდინარე პროცესია.

- რა გზავნილია მოქმედი მოსამართლეების სანქცირება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის?

- რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ეტაპზე რთულია კიდევ უფრო სიღრმეებში შესვლა და შეფასების გაკეთება თვითონ ფაქტებთან მიმართებით, ვინაიდან მე პირადად მჭირდება დამატებითი ინფორმაცია სიღრმეებში შესასვლელად, თუმცა ეს არის გამოწვევა..

- თქვენც მტკიცებულებებს ითოხვთ ამერიკისგან თუ რას გულისხმობთ?

- მტკიცებულებები - არა... ფაქტია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგი გაგრძელდეს. ის იყოს უფრო აქტიური, რათა რეფორმები, რომელიც განხორციელდა და განხორციელების პროცესშია სასამართლო ხელისუფლებაში გაგრძელდეს იმ ტემპით და იმ მიზნით, რომელიც ჰქონდა ამას საფუძვლად. ამისთვის სტრატეგიულ დიალოგთან აქტიური დიალოგი მნიშვნელოვანია.

- ჩვენ მოვისმინეთ მმართველი ძალის განცხადებები - პრემიერმა თქვა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა... თქვენც ასე ფიქრობთ? სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსთვის კარგის მეტი რა უნდა უნდოდეს?

- მოდი ასე ვთქვათ, ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის ევროპული კურსი არის ჩვენ ქვეყნის მომავალი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომაც არის კონსტიტუციით გარანტირებული. სხვა დეტალები არსებითი არაა... ამ შემთხვევაში, ცოტა სიღრმეში მინდა წავიდე ეკონომიკური მიმართულებით; ეს <მოსამართლეების სანქცირება>, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე შესაბამისი პასუხები იქნება.