მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი: მოსახლეობა სახელმწიფოს უფრო ენდობა, ვიდრე - ინვესტორს

62a4ba3f4e61f
თელარა გელანტია
11.06.22 22:20
1440
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მომხრეა, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ჩაერთოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში BM.ge-ის რედაქტორებთან ელენე კვანჭილაშვილთან და თელარა გელანტიასთან ინტერვიუში ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე საუბრისას განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ - სახელმწიფო უნდა შედიოდეს თუ არა ბიზნესში, ჩემი პასუხი იქნებოდა და ახლაც ასეა ნაწილობრივ, რომ სახელმწიფომ უნდა აკეთოს თავისი საქმე და ბიზნესმა - თავისი, მაგრამ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადის ზღვარი და თუ ვთანხმდებით, რომ ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი, მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს იმ დოზით, რა დოზითაც აუცილებელია, რომ ენერგეტიკული პროექტი განხორციელდეს.

რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის მოცემულობა, რომ ინვესტორი მოსახლეობასთან პირისპირ არ რჩება. მოსახლეობას სახელმწიფოს მიმართ ნდობა ბევრად უფრო მაღალი აქვს, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ინვესტორის მიმართ“, - ამბობს დავით სონღულაშვილი.

კითხვაზე - მთავრობამ გააკეთა თუ არა თავისი მაქსიმუმი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არ შეჩერებულიყო - დეპუტატმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რათა ნამახვანჰესის პროექტი ჩიხში არ შესულიყო.

წამყვანების დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემა დავით სონღულაშვილმა არ ისურვა. მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA საერთაშორისო არბიტრაჟისთვის ემზადება და ნებისმიერი განცხადება, შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.