მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

5e5e93e4a9d36
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.20 21:22
4950
საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური, ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით, ერთი თვის ვადით საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 

საპენსიო სააგენტოს მიერ BMG-ისთვის მოწოდებული პასუხიდან ისიც ირკვევა, რომ 2020 წლის თებერვალში საპენსიო სააგენტომ მის ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირება დაიწყო და 560 მილიონი ლარი სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. 

ამასთანავე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სადეპოზიტო სერტიფიკატების წლიური განაკვეთი 14.9%-ს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს განცხადება:

"საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე თვის განმავლობაში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5 წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია),"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საპენსიო სააგენტოში დასაქმებულთა მიერ განხორციელებული კონტრიბუციების ჯამური ოდენობა 2020 წლის მარტის მდგომარეობით 615 მლნ ლარს შეადგენს. 

დღეს BMG-იმ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საპენსიო სააგენტოს მიერ სებ-ში განთავსებული თანხის მოცულობის ცვლილებას ასახავდა სტატია მოამზადა. სებ-ის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოს მიერ მათთან გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხა 2020 წლის 28 თებერვალს 236 მილიონი ლარით შემცირდა. ამ შემცირების მიზეზის დასადგენად, BMG-იმ საპენსიო სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ თანხით სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენა მოხდა.