მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის შემოვა

6024f1f2ccab6
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 13:00
500
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კოვიდ-ვაქცინის საქართველოში შემოსვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და იმედოვნებს, რომ კოვაქს პლატფორმით დაკონტრაქტებული Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლოს შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინის შემოსვლის ზუსტ თარიღს შეეხებოდა.

„ძალიან ძნელია კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, იმიტომ, რომ სიტუაცია მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი პრობლემები წარმოიქმნება ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან თუნდაც ევროკავშირში პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ველით, რაც დაკონტრაქტებულია კოვაქსის პლატფორმით, ეს მივიღოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე - იქნება თუ არა ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ კოვაქსის პლატფორმის მიღმა ვმუშაობთ ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. არ მინდა დღეს ვთქვა, წინასწარ გავუსწრო მოვლენებს და მაღალი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით. ვმუშაობთ, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ვისაც ჭარბი ვაქცინის შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ასეთი შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას არ აქვს; ასევე ვმუშაობთ მწარმოებლებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა კოვაქს პლატფორმის საშუალებით თებერვლის შუა რიცხვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს.