მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზალკალიანი: იტალიასთან ფრენების შეზღუდვას, ჯერჯერობით, არ განვიხილავთ

5e57a99d0e087
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.20 15:38
957
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა იტალიასთან საჰაერო საზღვრის დახურვას არ გეგმავს. 

"ჩვენ ვაკვირდებით; რა თქმა უნდა, ფრენებთან მიმართებით იცით, რომ აეროპორტში არის მიღებული საგანგებო ზომები, ყველა იმ რეისის მგზავრების შემოწმება ხდება, რომლებიც ჩამოდიან აღნიშნული ქვეყნებიდან. ჯერჯერობით, ჩვენ ამ მომენტში არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას," - ამბობს დავით ზალკალიანი. 

WHO-ს სტატისტიკის მიხედვით, 27 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსის 455 შემთხვევა არის აღმოჩენილი, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენს. იტალიაში დაავადებულთა სრული უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში არის გამოვლენილი. 

დავით ზალკალიანის თქმით, მას მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და ის კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა. 

"ვართ მუდმივ კონტაქტზე მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დღესაც ვესაუბრე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა სომეხ კოლეგასთან საუბარი ჟენევაში ვიზიტის დროს. მუდმივ კავშირზე ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ირანთან, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უშუალოდ ეს შემთხვევა მომდინარეობდა ირანიდან. შესაბამისად, ყველა ღონეს ვიღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებულები და ჩვენც მივიღოთ უახლესი ინფორმაცია. 

ჟენევაში ჩვენი მისია არის აქტიურ კომუნიკაციაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ძირითადი ინსტრუქციები მოდის ამ ორგანიზაციისგან. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან, დიასპორის წარმომადგენლებთან, მათთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ყველა საელჩოში არის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში არის ჩართული," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.