09.სექტემბერი .2019 19:30

დავითაშვილი FDI-ის კლების მიზეზებზე: პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა

views 549
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის აზრით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებს შორის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.

ამის შესახებ მან BM.GE-ს FDI-ს ახალი სტატისტიკის შეფასებისას განუცხადა.

"ამაზე ბევრი ითქვა. გასათვალისწინებელია მათ შორის რეგიონული კონტექსტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორ კვარტალზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ ის მოვლენები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა. ამიტომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, იმიტომ რომ ეკონომიკური პარამეტრები არის საკმაოდ ჯანსაღი იმისათვის, რომ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში FDI დრამატულად - 53.7%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა.

საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებული ვითარება ასეთია:

ენერგეტიკა - $63.7 მილიონი, კლება წინა წელთან 37%;
მშენებლობა - $4.2 მილიონი, კლება წინა წელთან 91%;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19.8 მილიონი, კლება წინა წელთან 73%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 7%;
უძრავი ქონება - $22.8 მილიონი, კლება წინა წელთან 63%;

ზრდა შეიმჩნევა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შემცირება ასეთია:

აზერბაიჯანი - $19.5 მილიონი, კლება წინა წელთან 80%;
ნიდერლანდები - $58.1 მილიონი, კლება წინა წელთან 23%;
თურქეთი - $36 მილიონი, კლება წინა წელთან 8%;
ჩეხეთი - $14.8 მილიონი, კლება წინა წელთან 81%;

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა