მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახარჯულია ₾7.7 მლნ - რა გაკეთდა დაცულ ტერიტორიებზე?

637cad66eb85e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.22 15:49
866
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7.7 მლნ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტომ BM.GE-ს კითხვების საპასუხოდ მიაწოდა.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო ჯამში 900 კილომეტრამდე ეკოტურისტური ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამ პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 7.7 მლნ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ეს თანხა წლის ბოლომდე 13 მლნ ლარამდე გაიზრდება.

„მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზება უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას და სხვადასხვა ინტერესის მქონე სეგმენტს იზიდავს.

აღსანიშნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, ქმედებები, ერთი მხრივ ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონების ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც, საბოლოოდ პოზიტიურად ისახება რეგიონის გარემოზე - იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების პირობები და დონე“, - ამბობენ სააგენტოში.

კითხვაზე რა პროექტების განხორციელება იგეგმება ეკოტურიზმის განვითარებისთვის მომდევნო წელს, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მომავალ წელსაც არაერთი პროექტი განხორციელდება.

„2023 წელს დაგეგმილია ახალი ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მტირალა-კინტრიშის, ერუშეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში.

მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რათა ჩვენ შევძლოთ თბილისის ეროვნული პარკის განვითარება და თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ბილიკების მოწყობა.

თბილისის ეროვნულ პარკში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები, მოხდება 300 კმ-მდე ბილიკების პროექტირება. ყოველივე ეს თბილისის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების მოყვარულებს კი მრავალფეროვანი და საინტერესო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

საქართველოში მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბილიკზე, რომელიც თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს აკავშირებს, 350 კმ-მდე საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები იგეგმება, რომელიც შთამბეჭდავი მოგზაურობისა და უნიკალური ბუნების გაცნობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება“, - აცნობეს BM.GE-ს სააგენტოში.