მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახურულ სივრცეში CO-ს 1%-ის დაგროვება 2-3 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას - „თბილისი ენერჯი“

639ade393125d
მარიამ დემეტრაშვილი
19.12.22 00:00
708
ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები ქვეყანაში კვლავ აქტუალური პრობლემაა. აფეთქებებისა და მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევების პრევენციისთვის მთავრობამ 2019 წელს კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც გაზის დანადგარის უსაფრთხოების წესების დარღვევით დამონტაჟებაზე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტი ამ დრომდე პარლამენტში არც კი განხილულა.

კომპანია „თბილისი ენერჯიში“ ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავებაში მათაც მიიღეს მონაწილეობა და ჯარიმების გარდა, ის ითვალისწინებს გაზის დანადგარების დაყენების ვალდებულებას ყველა საცხოვრებელში, ასევე ღია წვის კამერიანი დანადგარების გაყიდვის აკრძალვას.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გიორგი ლეფსვერიძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ 2022 წელს მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა.

„წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ არის უამრავი არასწორად დამონტაჟებული, ღია წვის კამერის მქონე დანადგარები, რაზეც ყოველდღიურად ვახსენებთ ჩვენს აბონენტებს, რომ არ მოიხმარონ დახურულ სივრცეში.

გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები იყოფა ორ ნაწილად. პირველი - ეს არის CO-თი ინტოქსიკაცია და მეორე - ეს არის უყურადღებობის გამო გაზის დაგროვება და აფეთქება. უბედური შემთხვევების, დაახლოებით, 90% ხდება ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში.

როდესაც ღია წვის კამერიანი დანადგარი დახურულ სივრცეშია დამონტაჟებული, იქ ხდება არასრული წვა. არასრული წვის პროდუქტია ნახშირჟანგი - CO. როდესაც დახურულ სივრცეში 1% ნახშირჟანგი დაგიგროვდებათ და 99% ისევ ჟანგბადია, ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის გარდაცვალებას იწვევს 2-3 წუთში“, - თქვა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ აბონენტების მონიტორინგს. არასწორად დამონტაჟებული დანადგარების აღმოჩენის შემთხვევაში, ერთადერთი ბერკეტი მათი ჩახსნაა. „თბილისი ენერჯიში“ ამბობენ, აბონენტების ნაწილი დანადგარებს ხელახლა აერთებს, ამ ქმედებაზე კი არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს.

„არის შემთხვევები, ჩვენ რომ შევუწყვეტთ გაზის მიწოდებას და მივცემთ რეკომენდაციას, რომ არ გამოიყენონ ღია წვის კამერიანი დანადგარი, რადგან შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი, გარკვეული ნაწილი ჩვენი წასვლის შემდეგ ისევ აერთებს იგივე დანადგარს. ამით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავის ოჯახს, არამედ სამეზობლოს. გვქონია ბევრი შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული დანადგარის შედეგად, უბედური შემთხვევა მომხდარა ზემოთ ან გვერდით მეზობელთან.

2019 წელს ჩვენ ჩავხსენით 60 ათასამდე ღია წვის კამერიანი დანადგარი, შემდგომ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ 40%-ს ისევ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული. წელს მსგავსი სტატისტიკა აღარ არის. ამ წელს ჩავხსენით 8 900 ღია წვის კამერიანი დანადგარი და მათმა 5%-მა ისევ დააერთა“, - თქვა გიორგი ლეფსვერიძემ.