მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზიანებული 10 ხიდი, ჩანგრეული გზები - რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რაჭას?

5f215ac15f05a
ინგა მურუსიძე
29.07.20 15:20
1515
"პირველადი ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე, რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები", - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმძღვანელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

„ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

უკვე დაწყებულია სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილზე კოორდინაციას გაუწევს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

კომპანიის წარმომადგენლები მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.

არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.