23.თებერვალი .2022 21:40

DCFTA-ით აღებული ვალდებულებების 56%-ზე მეტი უკვე შესრულებულია - გენადი არველაძე

DCFTA-ით აღებული ვალდებულებების 56%-ზე მეტი უკვე შესრულებულია  - გენადი არველაძე
views 597
უკან

"DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების 56%-ზე მეტი უკვე დაფარული გვაქვს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე - „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია“ ისაუბრა.

გენადი არველაძე ამბობს, რომ 2027 წლისთვის, საქართველო რეფორმების კუთხით სრულ თანხვედრაში იქნება რეფორმებთან.

„ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკის რეფორმირების, განსაკუთრებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სექტორების რეფორმირების კუთხით აღებული გვაქვს როგორც ინსტრუქცია, DCFTA-ს ფარგლებში ვალდებულებები და ეს არის ეკონომიკის რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დანერგვით, ასევე ჩვენი ინსტიტუტების გადაიარაღებით და ამ კუთხით ჩვენ უკვე გვაქვს წარმატება. უკვე დაფარული გვაქვს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების 56%-ზე მეტი.

ეს არის თანმიმდევრული პროცესი და ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, საჯარო შესყიდვები, მომსახურების სხვადასხვა მიმართულება, ამ კუთხით ჩვენ სრულად გვექნება დაახლოებული კანონმდებლობა ამ სფეროებში. შედეგად, ჩვენ შევძლებთ გვქონდეს ქვეყნის შიგნით უვნებელი პროდუქტი, რაც გაუმჯობესებს როგორც ხარისხის ინფრასტრუქტურას, ასევე დაგვეხმარება, რომ გაიზარდოს ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე და ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ჩვენს ექსპორტიორებს მეტი საშუალება ექნებათ კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - განაცხადა გენადი არველაძემ.