მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დედაქალაქის ბიუჯეტი შეიცავს უამრავ არარაციონალურ ხარჯს“ - ვახტანგ შაქარაშვილი

5fe5f6920b5c4
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 18:28
825
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარაშვილი დედაქალაქის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი გაგრძელებაა იმ უპასუხისმგებლო მართვის სტილისა, რომელიც სამწუხაროდ მერიისთვის გახდა დამახასიათებელი ნიშანი.

„აღნიშნული ბიუჯეტი არ არის ადაპტირებული და არ შეესაბამება იმ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც პანდემიის გამო ქვეყანაში შეიქმნა. აღნიშნულ ბიუჯეტში შევხვდებით უამრავ არარაციონალურ ხარჯს. როგორც ჩანს მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია ბიუჯეტს უყურებს როგორც საკუთარი ჯიბეს და შესაბამისად მათი პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს კვლავ განკარგოს ის. რაც გამოიხატება იმაში, რომ 2020-2021 წელს, რომელიც საარჩევნო წელია მერია აპირებს 13 მლნ ლარამდე დახარჯოს პიარ აქტივობებში. ეს არის იაფფასიანია პიარ აქტივობები, რომელიც თბილისელებს სულაც არ უჯდებათ იაფი და საბოლოო ჯამში დაახლოებით 13 მლნ ლარია.

ამ ყველაფერში მე მონაწილეობას ვერ მივიღებ და წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა შაქარაშვილმა.

ის ამბობს, რომ ბიუჯეტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტია და არა რიცხვებისგან შემდგარი ექსელის ფაილი.

„მერიის ბიუჯეტი ნამდვილად ასეთია - ეს არის ექსელის მოცულობითი ფაილი, სადაც არ იკითხება, რომ პოლიტიკა არის გააზრებული და პრიორიტეტები არის სწორად გადანაწილებული. აეროპორტის გაზაზე დეკორატიული კენჭების შესყიდვა არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ბიუჯეტი ყაირათიანად არ იხარჯება“, - განმარტა საკრებულოს წევრმა.

ცნობისთვის, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მლრდ ლარი იქნება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ამჟამად საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მილიარდ 50 მლნ ლარს მოიცავს, ხოლო მომავალი წლის პირველივე თვეს 50-60 მლნ დაემატება და ბიუჯეტი 1.1 მლრდ ლარი იქნება.