27.თებერვალი .2020 22:15

დედას ლიქიორი „აკიდოსგან“ - კომპანიამ ქართული ღვინის ლიქიორის წარმოება დაიწყო

views 313
უკან

დედას ლიქიორი - ასე ჰქვია ბიოღვინის მწარმოებელი კომპანია „აკიდოს“ ახალ პროდუქტს, რომელიც მეღვინეებმა სპეციალურად დედის დღის აღსანიშნად შექმნეს. ამის შესახებ BM.GE-ის „აკიდოს“ თანადამფუძნებელმა ანი კაჭკაჭაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, შავი და თეთრი ღვინისგან ლიქიორის პირველი პარტია მცირე მოცულობით ჩამოისხა და იმ შემთხვევაში თუ დაინტერესება იქნება, კომპანია წარმოების მოცულობის გაზრდას გეგმავს.

„ლიქიორის წარმოებისთვის საჭირო პროდუქტები ღვინო და ჭაჭა გვქონდა, ამიტომ მხოლოდ შეფუთვასა და გემოზე მოგვიწია მუშაობა. პირველი პარტიის ჩამოსასხმელად დაახლოებით 600 ლარის ჩადება დაგვჭირდა“, - ამბობს ანი კაჭკაჭაშვილი.

ღვინის კომპანია ბაზარზე გასული წლის დეკემბერში 2019 წელს დაწურული ყურძნის ღვინოებით შემოვიდა და როგორც თავად „აკიდოს“ დამფუძნებელი ამბობს, სოციალურ ქსელში აღიარება და ინტერესი მალევე მოიპოვა, რამაც მწარმოებლებს ახალი პროდუქტის შექმნისკენ უბიძგათ.

„სასიამოვნო ის არის, რომ მომხმარებელს მოეწონა ჩვენი წარმოებული ბიო ღვინო, ამიტომ გადავწყვიტეთ სიყვარულის დღისთვის გაგვეკეთებინა კიდევ განსაკუთრებული შეფუთვით, ხოლო დედის დღისთვის ჩვენ შევქმენით ქართული ბაზარზე პირველად - დედას ლიქიორი, რომელიც მცირე ზომის - 60 მლ-იან ქილებში ჩამოვასხით. მცირე რაოდენობით გამოვუშვით დაახლოებით 100 ბოთლამდე, მოთხოვნის შესაბამისად გავზრდით ამ პროდუქტის წარმოებას“, - უთხრა BM.GE-ის ანი კაჭკაჭაშვილმა.