24.ივლისი .2021 21:50

„დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს“ - კვლევა

„დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს“ - კვლევა
views 384
უკან

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი გადაცემა „ქალების ნარატივში“ იმ კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიკაციის პოტენციალს აფასებს. ნანი ბენდელიანის განმარტებით, აღნიშნული კვლევა დასაქმებული დედების უფლებების დაცვის მიმართულებით მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს. მისივე თქმით, მათი ამოცანა იყო კვლევით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეეფასებინათ, ასევე ის ხარჯები დაეთვალათ, რომელიც საწყისად მინიმალური სტანდარტის დანერგვისთვის სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

აღსანიშნავია, რომ კვლევა წელიწადნახევარი მიმდინარეობდა და მასში ჩართული შრომაზე პასუხისმგებელი სამინისტრო, პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია იყო.

„კვლევამ აჩვენა, რომ ამ მინიმალურ სტანდარტთან მიმართებაში საქართველოში ორი ძირითადი გარღვევა არსებობს: პირველი - ეს არის დედობის შვებულების არაადეკვატური ანაზღაურება და მეორე - არათანაბარი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დედობის სრულიად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს, დანარჩენ ქალებს, რომლებიც შრომის კოდექსის რეგულაციის ქვეშ არიან მოქცეულები, ჯამურად 6 თვის მანძილზე მხოლოდ 1 000 ლარზე მიუწვდებათ ხელი, რაც თვეში 167 ლარია. რაც შეეხება ამ მინიმალური სტანდარტის მისაახლოებელ საჭირო ხარჯს, ბიუჯეტიდან წლიურად სამი წლის განმავლობაში 67 მლნ ლარს შეადგენს“ - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი.

ნანი ბენდელიანი ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის განსაზღვრით დედობის შვებულება სავალდებულოა 42 დღე მაინც გაგრძელდეს, საქართველოს კანონმდებლობა კი სავალდებულო ხანგრძლივობას არ არეგულირებს, ეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკებით დგინდება. საინტერესოა ასევე ისიც, რომ დედის 6-თვიანი შვებულებიდან მამას უფლება აქვს 52 დღე შესაბამისი ანაზღაურებით თავად გამოიყენოს. თუმცა, როგორც ბენდელიანი ამბობს, ჯერჯერობით ასეთი ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება, რაც ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა