მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოლარიზაციამ მოსახლეობა ხომ არ გააღარიბა? – სონღულაშვილი/გვენეტაძის დისკუსია

61bb36e7cfd10
ინგა მურუსიძე
16.12.21 16:56
637
დღეს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების დოკუმენტი დაამტკიცა, თუმცა კენჭისყრამდე პარლამენტარების წინაშე სიტყვით სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარსდგა და მათ კითხვებსაც უპასუხა. აღსანიშნია, რომ ყველაზე მეტი კითხვა ორნიშნა ინფლაციის მიზეზებსა და მისი „მოთოკვის“ გზებზე დაისვა, რადგან ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.

„ინფლაციაში რა წვლილი მიუძღვის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას? ლარიზაციის პოლიტიკას რა კონკრეტული შედეგები აქვს“, - ჰკითხა კობა გვენეტაძეს დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.

„შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია და განაპირობა მაღალი ინფლაცია, რა როლი ითამაშა ფასების საერთო დონის ზრდაში ენდოგენურმა თუ ეგზოგენურმა ფაქტორებმა, ერთჯერადმა გადაწყვეტილებებმა, მაკრო, მიკრო, თუ ფისკალურმა ღონისძიებებმა, მაგრამ ეს ცვლადები საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მოსახლეობას აწუხებს და ადარდებს ფაქტი - მაღალი ინფლაცია (!), მოსახლეობას აწუხებს ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების 30-40%-ით გაზრდა“, - თქვა თავის მხრივ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ორნიშნა ინფლაციის თემაზე დისკუსია კობა გვენეტაძესა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს შორისაც გაიმართა. მან სებ-ის პრეზიდენტის დედოლარიზაციის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.


დავით სონღულაშვილის კითხვებს და კობა გვენეტაძის პასუხებს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:


დავით სონღულაშვილი: უკვე 23 კვარტალია, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ, 16 კვარტალია, რაც ტარგეტირებული/მიზნობრივი ინფლაცია და წლიური ინფლაცია ასცდა ერთმანეთს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის, ზოგადად, სებ-ის პოლიტიკის ბრალი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ინფლაციის სახით ჩვენი საზოგადოება იხდის თუნდაც დედოლარიზაციის პოლიტიკის საფასურს? ხომ არ გაღარიბდა ამის შედეგად ჩვენი მოსახლეობა?

კობა გვენეტაძე: ჩვენ შეიძლება, ერთ მომენტში მოგვეჩვენოს, რომ მაშინ, როცა ინფლაცია გადახრილია, მიზნობრივ გეგმას ვერ ვასრულებთ, მაგრამ თუ შევხედავთ, 2016 წელს მიზნობრივ ინფლაციაზე ვიყავით, 2017 წელს ოდნავ მაღლა. იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წლის დეკემბერში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს გაივლიდა და ინფლაცია დაუბრუნდებოდა თავის მაჩვენებელს. 2018 წელს მიზნობრივ ინფლაციაზე ვიყავით, ინფლაციის ტარგეტზე დაბლა, 2019 წლის პირველ ნახევარში ვიყავით ინფლაციის ოდნავ ზემოთ, ტარგეტის ცოტა ქვემოთ, შემდეგ ისევ ზემოთ, შემდეგ სიტუაცია შეცვალა უკვე რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვამ, რაც მოლოდინების განხრით გადაეცა ლარის კურსს, შემდეგ ინფლაციას, თუმცა ამის შემდეგაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად კვლავ წამოვიდა ინფლაცია ქვემოთ, ასევე გამყარდა გაცვლითი კურსი და ამას დაემატა პანდემია. მიზნობრივ მაჩვენებელს რომ შევხედოთ, არ არის ისეთი ცუდი სიტუაცია, რაზეც შეიძლება წარმოდგენა გვქონდეს ერთი შეხედვით.

დავით სონღულაშვილი: ერთი შეხედვით კი არ ჩანს ისე, როგორც ჩანს, არამედ 23 კვარტალიდან 16 რომ არ „დაემთხვა“, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, თითქოს მთავრობისკენ გადმოდის ისრები, თითქოს დეფიციტის გამო არის ზეწოლა ინფლაციაზე.... არადა დედოლარიზაციის და ემისიის გამო აწვება ინფლაციას, იმდენად შეირყა ნდობა ლარის მიმართ... დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ნდობის შერყევა ლარის მიმართ და ამან გამოიწვია ის მოლოდინები, რაც ინფლაციას ახლავს. ამ პროცესებზე ვინ არის ჯამში პასუხისმგებელი? საბოლოოდ, ლარის კურსის და ეროვნული ბანკისადმი ნდობის შერყევით მივედით იქამდე, რომ მივიღეთ მაღალი ინფლაცია და ეს ეკონომიკას აჩერებს თავისთავად.

კობა გვენეტაძე: ფულის მასის და ინფლაციის შედარებაზე შემიძლია გითხრათ, რომ კვლევაც გავაკეთეთ და მას შემდეგ რაც ბაზარი ვითარდება, დარღვეულია კავშირი ფულის მასასა და ინფლაციას შორის. ძალიან ბევრი პერიოდია ეს ასეა და სტატისტიკურად გვაქვს ეს დასაბუთებული. დღევანდელ, თანამედროვე სამყაროში ინფლაციის ტარგეტირების შემთხვევაში, ნამდვილად არ ახსნის ერთი მაჩვენებელი მეორეს. რაც შეეხება კვარტლებს, შევხედოთ კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს მიზნობრივი მაჩენებლები არის ის, რომლისკენაც მივდივართ, ხოლო თუ მოხდა რამე ისეთი, რომლის პროგნოზირება არის შეუძლებელი, ამბსოლუტურად შეუძლებელია ამასთან დაკავშირებით მოკლევადიან პერიოდში ზომების მიღება.

დედოლარიზაციას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ინფლაციაზე. ოფიციალურად, სარეიტინგო სააგენტოები ამბობენ, რომ საქართველოსთვის პირველი რისკი არის დედოლარიზაციის მაღალი დონე, მისი შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს მიმდინარეობს ე.წ. „ბიზნეს ფრენდლი“ მიდგომებით და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ; რომ არ ყოფილიყო ის ნაბიჯები გადადგმული, სხვა ნაბიჯებთან ერთად, დღევანდელი საბანკო სისტემა ამ სიტუაციას ვერ გაუძლებდა.