მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეფოლტი არ იქნება, შემოსავლები იზრდება, რეზერვები საკმარისია - ირანის პრეზიდენტი

63db59a24e608
გიორგი თოლორდავა
02.02.23 10:49
631
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებისა და ემბარგოს მიუხედავად, 2022 წელი ირანისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რასაც სტატისტიკაც ცხადყოფს.

„ნავთობის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა, რისიც ჩვენს მტრებს შურთ. გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა და ვითარებაც სრულ კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს რაისი.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ხელს ის მტრული სახელმწიფოები უწყობენ, რომლებმაც ირანს სანქციები და ემბარგო დაუწესეს, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

რაც შეეხება ვალდებულებებს, პრეზიდენტ რაისის განმარტებით, მთავრობამ უკვე გადაფარა სახელმწიფო ვალის უდიდესი ნაწილი, შედარებით ახალ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადების რისკი კი არ არის.

„ჩვენ წინა მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალი სრულად გადავფარეთ და ბიუჯეტის დეფიციტის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასები ერთი დღითაც კი არ დავუგვიანეთ. დეფოლტის გამოცხადების რისკი არ არსებობს, ეკონომიკა მდგრადად ვითარდება და სანქციებთან ადაპტირებასაც მარტივად ვახერხებთ“, - ამბობს ირანის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, იანვარში ირანის ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულებამ 450,000 რიალის მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ რიალი სავალუტო ბირჟაზე თავისუფლად არ ივაჭრება და მისი გაცვლითი კურსის ფორმირებაში აქტიურად ერევა ქვეყნის ეროვნული ბანკი, რომელიც ვალუტის კურსის ფიქსირების მიზნით სხვადასხვა მექანიზმს იყენებს. გარდა ამისა, ირანში აკრძალულია სავალუტო სპეკულაცია, ანუ ეროვნული ვალუტით ვაჭრობა, რაც კანონმდებლობით ისჯება და პატიმრობას ითვალისწინებს.

დაფიქსირებული დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ირანი-დასავლეთის ურთიერთობების დაძაბვასთანაა დაკავშირებული. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ევროპარლამენტმა ისლამური რევოლუციური დაჯგუფება IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო; ქვეყნის ლიდერის, აიათოლა ხომეინისა და პრეზიდენტ რაისინის წინააღმდეგ კი სანქციების ახალი პაკეტი შემუშავდა.

დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ირანისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EEU) წარმომადგენლებმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად მოაწერეს ხელის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხარეებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებას და სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მოსკოვში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს აერთიანებს. EEU-ს ძირითადი დანიშნულება წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა და ეკონომიკური ბარიერების შემცირებაა. თავისი არსით ორგანიზაცია ევროკავშირის აზიური ანალოგია.