მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეფოლტის ზღვარზე: რუსეთმა უცხოელებს სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე უარი უთხრა

6221f22ce2e51
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.22 14:56
28224
რუსეთის "ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარმა სააგენტომ" განაცხადა, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (OFZ) სარგებელს (კუპონს) გადაუხდიდა მხოლოდ რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, ამ ობლიგაციების მფლობელი უცხოელი ინვესტორებისთვის კუპონის გადახდა შეჩერდა. Reuters-ის თანახმად, “ანგარიშსწორების დეპოზიტარი სააგენტოს” განმარტებით, მას ობლიგაციების უცხოელი მესაკუთრეებისთვის კუპონის გადახდა ცენტრალური ბანკის მხრიდან ჰქონდა აკრძალული. 

სავარაუდოდ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მ რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა. ორგანიზაციამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი ერთ კვირაში მთელი შვიდი საფეხურით - "BB მინუსიდან" "CCC მინუსამდე" შეამცირა, რაც რუსეთში მოსალოდნელ დეფოლტს ნიშნავს. ამის ქვემოთ მხოლოდ CC მინუსი და D საფეხურია, რაც პირდაპირ დეფოლტს ნიშნავს.

აქამდე საკრედიტო რეიტინგის ასეთი მკვეთრი ვარდნა არცერთი ქვეყნის ეკონომიკას არ განუცდია.

Reuters-ის თანახმად, მარტის განმავლობაში რუსეთის მთავრობას $700 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები (სახელმწიფო ვალი) აქვს დასაფარი, თუმცა ფაქტი, რომ ქვეყანას საკუთარი რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომა დაკარგული აქვს, ვალის მომსახურებაზე დეფოლტის გამოცხადების ალბათობას ზრდის.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ უმძიმესი ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. უმსხვილესი რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემას გამოეთიშნენ, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს, პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს მიწოდება აკრძალა.

სანქციებს რუსეთის ეროვნული ვალუტის ისტორიული გაუფასურება მოჰყვა. ამჟამად ერთი დოლარი 109 რუბლი ღირს.

რუსეთის სახელმწიფო საგარეო ვალი 2022 წლის თებერვლის მდომარეობით, 59.5 მილიარდი დოლარია, აქედან უშუალოდ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხი 18.7 მილიარდი დოლარია.