მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერ-იანვარში ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა - მოვაჭრეები

61de682f11a8c
თათია კაკიაშვილი
12.01.22 21:35
2249
„საახალწლოდ ხალხს ყოველთვის თადარიგი აქვს იმისთვის, რომ ოქრო საჩუქრად შეიძინოს“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან „ოქროს კიდობნის“ მოვაჭრე ნინო გაჩეჩილაძემ განაცხადა. ოქროთი მოვაჭრეები ამბობენ, რომ ძვირფას ლითონზე მომატებული ღირებულების მიუხედავად, დეკემბერ-იანვარში ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, თუმცა პანდემიის პერიოდში წლევანდელი სადღესასწაულო პერიოდი, რეალიზაციის კუთხით გამორჩეული იყო.

„საახალწლოდ ხალხს ყოველთვის თადარიგი აქვს იმისთვის, რომ ოქროული საჩუქრად შეიძინოს. რაც შეეხება ოქროს ფასს, გასულ წლებთან შედარებით, მომატებულია და, შესაბამისად, გაყიდვებმაც იკლო. თუმცა, ამის მიუხედავად, დეკემბერ-იანვარში მეტი ადამიანი ყიდულობს ოქროს, რადგან, როგორც ჩანს, საქართველოში ოქროს მოყვარული ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა „ოქროს კიდობნის“ მოვაჭრე ნინო გაჩეჩილაძემ.

კიდევ ერთი მოვაჭრის ლია ბულავრიშვილის თქმით, ოქროს ბირჟაზე სადღესასწაულო დღეების შემდეგ მომხმარებელი აქტიური რამდენიმე დღის განმავლობაში იყო.

“ხალხი საახალწლოდ საჩუქრებისთვის ემზადებოდა, შესაბამისად, ოქროს ბირჟაზე მომხმარებლის აქტიურობა შეინიშნებოდა. ეს დადებითი დინამიკა ახალი წლის შემდეგ თითქმის ერთ კვირამდე გაგრძელდა, თუმცა ბოლო ორი დღეა, ხალხი ბირჟაზე ნაკლებად შემოდის“, - განაცხადა ოქროს დილერმა ლია ბულავრიშვილმა.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ოქროს ნაკეთობებს, დილერების თქმით, ბეჭდები, სამაჯურები, გულსაკიდები და, ზოგადად, შედარებით ბიუჯეტური ნივთები უფრო მეტად იყიდება, ვიდრე - ძვირად ღირებული სამკაულები.