25.იანვარი .2021 19:20

დეკემბერში ბანკებში არსებული დეპოზიტები 1 მილიარდი ლარით გაიზარდა

დეკემბერში ბანკებში არსებული დეპოზიტები 1 მილიარდი ლარით გაიზარდა
views 1135
უკან

2021 წლის იანვრისთვის ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 34.63 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.04 მილიარდი ლარით მეტია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე დეპოზიტების მოცულობა დეკემბერში 3.57%-ით გაიზარდა.

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი იანვრისათვის 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.57%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 21.21 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.43%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 6.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.49%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.61% შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.34% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.31%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.01%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.24%, ხოლო ევროს წილმა 14.39% შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა დეპოზიტების მატება. შესაძლოა, ამის მიზეზი მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებული ლარის დეპოზიტები იყო, რადგან დეკემბრის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში 2 მილიარდი ლარის მოცულობით ბიუჯეტის ნაშთი ინახებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა