მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა ძალიან მცირეა - მესტვირიშვილი

63661df346846
მარიამ ვარადაშვილი
05.11.22 15:00
551
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია წლის ბოლოსთვის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს.

წელიწადზე მეტია, საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია და კომიტეტის ბოლო შეხვედრისას, 26 ოქტომბერს, სებ-მა განაკვეთი ისევ 11%-იან ნიშნულზე დატოვა უცვლელად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად, კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. მომდევნო სხდომა 21 დეკემბერს არის ჩანიშნული.

"თვიურ დონეზე თუ დავაკვირდებით, ინფლაციამ გარკვეული შენელება დაიწყო და უკვე წლიურ ჭრილში მომავალი წლის თებერვლიდან უნდა ველოდოთ ამ პროცესს. მომავალი წლის მეორე ნახევარში 3%-თან ახლოს უნდა მივიდეთ, თუმცა ეს პროგნოზი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა მკაცრი დარჩება, ფისკალური კონსოლიდაცია დაგეგმილი ფორმით გაგრძელდება, ხოლო ევროპისა და აშშ-ის ცენტრალური ბანკები მოლოდინის შესაბამისად გააგრძელებენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამასთან, მსოფლიოში სასაქონლო ბაზარზე პროდუქტის შემცირების ტრენდი შენარჩუნდება და ფასი არ გაიზრდება.

ამის საფუძველზე, ჩვენი პროგნოზით, ინფლაციას მომავალ წელს დაღმავალი ტენდენცია ექნება. წელიწადში 8-ჯერ ვიკრიბებით და იმ დროს არსებული ინფორმაციისა და პროგნოზების შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ დეკემბერში მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს", - განაცხადა "ანალიტიკაში" მესტვირიშვილმა.