მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში ქართულმა ბანკებმა ლარში სამჯერ მეტი სესხი გასცეს, ვიდრე - უცხოური ვალუტაში

600ebe2a1c9f7
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.21 18:45
1053
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა სასეხო პორტფელმა 38.22 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბრის განმავლობაში სასესხო პორტფელი 858 მილიონი ლარით, ანუ 2.30%-ით გაიზარდა. 

როგორც ირკვევა, დაკრედიტების მატება ძირითადად ლარის სესხებზე მოდის, რომლის პორტფელიც დეკემბერში 676.9 მილიონით გაიზარდა, სავალუტო სესხების მატება კი, 181.7 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, დეკემბერში ქართულმა ბანკებმა სამჯერ მეტი ლარის სესხი გასცეს, ვიდრე ევროს და დოლარის სესხი. 

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.90%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.70%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.58%-ით მეტი).

2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.75 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.79 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა ბანკებმა გასცეს დეკემბერში ყველაზე მეტი ლარის სესხი.